საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესასთან ურთიერთობის სამსახური აქვეყნებს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამძიმრის წერილს რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო.
სამძიმრის წერილში, რომლის ადრესატიც არის კარდინალი ჯოვანი ბატისტა რე, კარდინალთა კოლეგიის დუაიენი, ილია მეორე წერს:
„დიდი გულისტკივილით შევიტყვეთ ცნობა მისი უწმინდესობის, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ. გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულითადი სამძიმარი და ჩვენი მწუხარება და თანაგრძნობა გადასცეთ თქვენი ეკლესიის იერარქებს, სამღვდელო პირებსა და სამწყსოს, – ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მისი ხსოვნა“.
ილია მეორე მადლიერებას გამოხატავს პაპ ფრანცისკეს მიმართ:
„დიდად მადლიერნი ვართ პაპ ფრანცისკესი, რადგან რომში, მის მიერ გადმოცემულ ტაძარში, ჯერ კიდევ 2014 წლიდან ქართული წირვა-ლოცვა აღევლინება“, – ვკითხულობთ წერილში.
ილია მეორე ასევე წერს: „საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შემდგომ კი, ნიშნად იმისა, რომ გამოხატავდა განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის მიმართ, სიქსტის კაპელაში მიიწვია თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი და მსოფლიოში წარმოაჩინა უნიკალური ქართული კულტურა, – მრავალხმიანი გალობა და ხალხური სიმღერა“.
„ყველა აღიარებს, რომ მისი უწმინდესობა, პაპი ფრანცისკე იყო მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, გამორჩეული თავმდაბლობით, სოციალურ პროექტთა დიდი ხელშეწყობით, მსოფლიოში მშვიდობის აქტიური მხარდაჭერით… გამოვხატავთ ჩვენს ღრმა პატივისცემას მის მიმართ და ვლოცულობთ მისი უკვდავი სულისათვის“, – წერია სამძიმარში.
რომის პაპის ფრანცისკე 2025 წლის 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მას შაბათს, 26 აპრილს, დაკრძალავენ.
ანდერძის მიხედვით, ფრანცისკემ აირჩია თუთიით გაწყობილი უბრალო ხის კუბო და ითხოვა დამარხვა არა წმინდა პეტრეს ტაძარში, არამედ რომში, სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში.
მსოფლიოს ბევრმა ლიდერმა უკვე განაცხადა, რომ პაპ ფრანცისკესთან გამოსათხოვებლად ვატიკანში ჩავა. მათ შორის არიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა და სილვა და არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, რომელიც პაპ ფრანცისკეს თანამემამულეა.
2025 წლის 18 თებერვალს პაპ ფრანცისკეს ორმაგი პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. 38-დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ კი იგი ვატიკანის რეზიდენციაში დაბრუნდა. 6 აპრილს ის ავადმყოფობის შემდეგ პირველად გამოჩნდა ვატიკანში.
საზოგადოებამ საჯაროდ იგი ბოლოს 20 აპრილს იხილა, აღდგომის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას. 20 აპრილსვე ფრანცისკე, – რომელიც ღიად ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას – შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს.
საერთაშორისო მედია უკვე ასახელებს პაპობის სავარაუდო კანდიდატებს.
გარდაცვლილი ფრანცისკეს პოტენციურ მემკვიდრედ მიიჩნევა ოცამდე კარდინალი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კონკლავში.
ახალი პაპი უნდა აირჩიოს კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი რანგის იერარქების ერთობამ, კარდინალთა კოლეგიამ, რომლის წევრებსაც ნიშნავს თავად პაპი და რომლებიც, როგორც წესი, ხელდასხმული ეპისკოპოსები არიან. ამასთან, ყველა კარდინალი მამაკაცია.
ახალი პაპისათვის ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ „პაპაბილებს“ ანუ მათ, ვისაც ჯერ არ შესრულებია 80 წელი. ამჟამად კოლეგიაში შედის 252 კათოლიკე კარდინალი, რომელთაგან ხმის მიცემის უფლება აქვს 195-ს. დანარჩენებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ დებატებში, თუ ვინ უნდა დაიკავოს ახალი პონტიფექსის ადგილი.
ფორუმი
