„ემსიბი ჯორჯია“ წარმოებას აფართოებს. სულ მალე პურ-ფუნთუშელის წარმოებას კიდევ ერთი ქარხანა დაემატება, რაც ბრენდ „მადამ დეს“ წარმადობას გააორმაგებს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე რატიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა.
მისი ინფორმაციით, განვითარების პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3 მლნ დოლარია, რაც სრულად ადგილობრივი რესურსია. ბიზნესმენი ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელება გასული წლის შედეგებიდან გამომდინარე გახდა შესაძლებელი.
„ჩვენ ახალ საწარმოო შენობას ვაშენებთ, რომელიც დამატებით 2 000 კვ.მ.-ზე 2 სართულზე განთავსდება. წარმოებაში ტექნოლოგიური ხაზები ახალი დანადგარებით გაიმართება. განვითარების ფარგლებში ბაზარს ახალი დასახელების პროდუქტს შევთავაზებთ. პროექტის ფარგლებში წარმოება მომდევნო 2 წლის განმავლობაში გაორმაგდება. ინვესტიცია უკვე განხორციელებული გვაქვს და დანადგარების ნაწილი შეძენილია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3 მლნ დოლარია და აქედან გამომდინარე წინ მივიწევთ. ახალი ქარხნის მშენებლობა დაწყებულია და წლის ბოლოსთვის დასრულდება“, – განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს წარმოება 70%-იანი დატვირთვით მუშაობს.
კომპანიამ “ემსიბი ჯორჯიამ” პურ-ფუნთუშეულის პროდუქტების წარმოება 1998 წლიდან ამერიკელ და ფრანგ ინვესტორებთან პარტნიორობით დაიწყო. ეტაპობრივი ზრდის პირობებში ბრენდი “მადამ დე”-ს პურ-ფუნთუშეული და ნამცხვრები 1500-მდე საცალო სავაჭრო ობიექტშია წარდგენილი.
