მაგისტრატურა ერთწლიანი ხდება, ვინ ვერ ჩააბარებს სადოქტოროზე – 13 ცვლილება უმაღლესი განათლების კანონში
ცნობილია ის მთავარი საკითხები, რომელთაც უმაღლესი სასწავლებლების მიმართულებით, საქართველოს მთავრობა, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. საქმე ეხება 13 მიმართულებას, რომელთაც ძირეული ცვლილებები შეეხება: მათ შორის, სამაგისტრო პროგრამების ნაწილი ხდება ერთწლიანი და მათზე მიღების წინაპირობა არ იქნება სამაგისტრო გამოცდა; გარდა ამისა, საბაკალავრო პროგრამებზე დაშვებული იქნება ელექტრონული სწავლება (ნაწილობრივ) და 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის გავლის შემდეგ, პირი ვეღარ შეძლებს სწავლის გაგრძელებას სადოქტორო მიმართულებით.
სამოქმედო გეგმა:
– განისაზღვრება დისტანციური ფორმით პროფესიული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა.
– დაკორექტირდება ელექტრონული სწავლების ცნება და ჩამოყალიბდება ახლებურად.
– ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული სწავლება;
– შესაძლებელი იქნება, მაგისტრატურაზე სწავლა განხორციელდეს სრულად ელექტრონულად, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას;
– განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი დაადგენს სწავლის სფეროების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება;
– შესაძლებელი იქნება არანაკლებ 60 კრედიტიანის სამაგისტრო პროგრამის (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემუშავება, რომლის დასრულებაც სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი არ იქნება;
– არანაკლებ 60 კრედიტიან სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობა არ იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდა;
– უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებიდან ამოღებულ იქნება სასწავლო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის ტერმინი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით;
– იურიდიული პირები საავტორიზაციო განაცხადს მთავრობის მიერ კონცეფციის მოწონების გარეშე ვერ წარადგენენ;
– სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის/სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ავტორიზაციის საბჭო, სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (რომელზეც აკრედიტაციის ფარგლებში სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა არ არის განსაზღვრული) განხორციელების შემთხვევაში, განსაზღვრავს აღნიშნულ პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას;
– სსიპ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ საშუალება თავად განსაზღვრონ სადისერტაციო საბჭოების ფორმირების წესი;
– ავტორიზაციის საბჭოს ექნება უფლებამოსილება. სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდოს არა მხოლოდ დაწესებულების, არამედ უმაღლესი განათლების საფეხურების მიხედვითაც;
– დარეგულირდება დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არაუმეტეს 6 თვის ვადით დანიშვნის საკითხი.
წყარო: etaloni.ge