“მაგთი” ინტერნეტის ტარიფს ზრდის – ComCom-ი კომპანიის გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებს

კომპანია “მაგთიკომი” ნახევარ მილიონამდე ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტისთვის, რომლებიც 50 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტით ან ინტერნეტი + IPTV მომსახურებით სარგებლობენ, 2025 წლის 1 აგვისტოდან ტარიფის 3 ლარით ზრდას გეგმავს. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიას წარუდგინა, სადაც მას დაუსაბუთებლად აფასებენ.
ComCom-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ტარიფის ზრდა 496,168 აბონენტს შეეხება. ComCom-ის შეფასებით, ტარიფის მატება “მაგთის” შემოსავალს ყოველთვიურად 1,159,874 ლარით გაზრდის, რითაც მისი წლიური შემოსავალი საშუალოდ 13,918,485 ლარით გაიზრდება.
კომუნიკაციების კომისიის თანახმად, იმის გამო, რომ “მაგთი” ამჟამად აბონენტებს 50 მეგაბაიტზე დაბალი სიჩქარის და საფასო კატეგორიის ინტერნეტს არ სთავაზობს, მომხმარებლებს არ ექნებათ იმის შესაძლებლობა რომ უფრო დაბალი სიჩქარის პაკეტი აირჩიონ და შესაბამისად უფრო ნაკლები თანხა გადაიხადონ ინტერნეტში.
“კომპანიის მხრიდან ტარიფის გაზრდა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როცა საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ მომსახურების ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით ისედაც გაცილებით მაღალია. მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისია საკითხს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეისწავლის. ამასთან, კომუნიკაციების კომისია დააკვირდება სხვა კომპანიების ქმედებებსაც, შეუერთდებიან თუ არა „მაგთიკომის“ დაანონსებულ ცვლილებას და მიიღებენ თუ არა ტარიფების ზრდის შესახებ გადაწყვეტილებებს.
საგულისხმოა ისიც, რომ გასულ წელს „მაგთიკომმა“ ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლებს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე „ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე“ გაუზარდა. კერძოდ, 30 მბ/წმ-იანი პაკეტი – 50-იანი, 50 მბ/წმ-იანი პაკეტი კი 80 მბ/წმ-იანი გახადა. შესაბამისად, გაუქმდა 30 მბ/წმ-იანი პაკეტი. დღევანდელი მდგომარეობით კი, ის აბონენტები, რომლებიც 30 მბ/წმ-იან პაკეტს ყიდულობდნენ, დარჩნენ არჩევანის გარეშე – გადაიხადონ ნაკლები ინტერნეტის სიჩქარეში და იძულებულნი არიან, 50 მბ/წმ-იანი სიჩქარის პაკეტები გაზრდილი ფასებით შეიძინონ, რაც მათ არჩევანს მნიშვნელოვნად უზღუდავს,”- ნათქვამია ComCom-ის განცხადებაში.