“მაგთიკომში” დასაქმებული მძღოლების ნაწილი ხელფასის ზრდას ითხოვს

“მაგთიკომში” დასაქმებული 55-მდე ქუთაისელი და თბილისელი მძღოლი ხელფასის ზრდას ითხოვს. ამის შესახებ BM.GE-ს ტრანსპორტისა და გზების პროფკავშირის პრეზიდენტმა, ლავრენტი ალანიამ განუცხადა.
მისი თქმით, მძღოლები ითხოვენ ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების კანონის შესაბამისად ანაზღაურებას და ხელფასების გონივრულ ზრდას, რაზეც 17 მარტს კომპანიისგან დაპირება მიიღეს, თუმცა დღეს გამართული შეხვედრა მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.
“ორშაბათს ბატონი ჯოხთაბერიძე შეხვდა დასაქმებულებს, შეჰპირდა ხელფასების გათანაბრება იქნებაო, ზეგანაკვეთურს არ უხდიან და ესეც იქნებაო. უკვე დღეს, შეხვედრა იყო დირექტორებთან და ადმინისტრაციის უფროსთან, რის შემდეგაც 2-3 თანამშრომელს უთხრეს დარჩითო და მათ მიაყენეს შეურაცხყოფა”,- ამბობს ლავრენტი ალანია.
საკითხზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამაც გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც დღეს, შპს მაგთიკომში დასაქმებულ მძღოლს ადმინისტრაციის თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და სამსახურიდან გაათავისუფლეს.
პროფკავშირების გაერთიანების თანახმად, კომპანიამ ჯამში 3 თანამშრომელი გაუშვა.
“დასაქმებულების განმარტებით 2025 წლის 17 მარტს შეხვედრა შედგა დამსაქმებელთან სამუშაო ადგილზე არსებულ შრომით პირობებთან დაკავშირებით. დამსაქმებლის მხრიდან გაცემულ იქნა დაპირებები, რაც უკავშირდებოდა დასაქმებულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
საზოგადოებას მოვახსენებთ, რომ შპს მაგთიკომში 2024-2025 წლებში 2-ჯერ მიმდინარეობდა მედიაციის პროცესი დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების მიზნებისათვის. თუმცა, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული დამსაქმებლის პოზიციის გამო.
2025 წლის 21 მარტს, დილით, დასაქმებულებთან ადმინისტრაციის ინიციატივით კიდევ შედგა შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდგომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოისურვეს კონკრეტულ ორ დასაქმებულებთან გასაუბრება, რა დროსაც ადმინისტრაციის წარმომადგენლის, კერძოდ, ადმინისტრაციის უფროსის, ნოდარ ბაღათურიას მხრიდან მოჰყვა ადგილზე მყოფ ერთ-ერთი დასაქმებულის ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდგომ ფიზიკური შეურაცხყოფა.
საკუთარი ქმედების გამართლების მიზნით, დამსაქმებლის მიერ 2025 წლის 21 მარტსვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, დასაქმებულების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სამსახურიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა სამი თანამშრომელი: ორი პირი, რომელთანაც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ისურვეს გათავისუფლება და ერთი პირი, რომელიც შეეცადა ფიზიკური დაპირისპირების შეჩერებას.
რეაგირებისათვის ადგილზე გამოძახებულ იქნა კრიმინალური პოლიცია.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გმობს მომხდარ ფაქტს, მით უფრო მაშინ, როდესაც დასახელებული სამი თანამშრომელი გახლდათ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრი.
დასაქმებულთა უფლებებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება დაიცავს, გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს დასაქმებულთა დასაცავად”,- აღნიშნავენ გაერთიანებაში.
bm.ge საკითხთან დაკავშირებით “მაგთიკომს” დაუკავშირდა. ამ ეტაპზე კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.