მააკრედიტირებელ ორგანიზაციასთან კონტრაქტი სამინისტროს კლინიკების დიდმა ნაწილმა წარუდგინა – მინისტრი

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის ფლობა 2025 წლის იანვრიდან სავალდებულო ხდება. ჯანდაცვის სამინისტრომ 2023 წლის ბოლომდე მისცა დრო კლინიკებს იმისთვის, რომ მააკრედიტირებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული კონტრაქტი წარედგინათ, რითაც დაადასტურებენ აკრედიტაციის პროცესის დაწყებას.
ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სამინისტროს კონტრაქტები კლინიკების დიდმა ნაწილმა წარუდგინა, თუმცა რამდენ კლინიკას სურს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა, ამის შესახებ ჯერ სამინისტროს განაცხადები დამუშავებული არ აქვს.
„2023 წლის ბოლომდე ჰქონდათ [კლინიკებს] ვალდებულება კონტრაქტის გაფორმების, 2024 წლის ბოლომდე აქვთ აკრედიტაციის ვალდებულება. კლინიკების დიდ ნაწილს უკვე წარმოდგენილი აქვს ეს და მიმდინარეობს შესაბამისი დამუშავება და დაახლოებით ერთ კვირის პერიოდში ზუსტად გვექნება ინფორმაცია, რამდენმა კლინიკამ წარმოადგინა ასეთი კონტრაქტი. ეს იმიტომ, რომ ეტაპობრივად შემოდიოდა [განაცხადები] და საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციაა გასაანალიზებელი“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
ინფორმაციისთვის, საერთაშორისო აკრედიტაცია მკურნალობის, პაციენტის მოვლის, მასთან კომუნიკაციის სხვა მსოფლიო სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედი რამდენიმე კლინიკა უკვე ფლობს საერთაშორისო აკრედიტაციას.