ლუქსემბურგის ნაკრები თბილისს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნამატით ესტუმროს და ჩვენს ქვეყანაში სერია A-ს ფეხბურთელის, კლუბ “მონცას” წევრის, 25 წლის ფორვარდის, დანი მოტას დახმარების იმედი ჰქონდეს.
მოგეხსენებათ, საქართველო, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში, 21 მარტს, სწორედ ლუქსემბურგის ნაკრებს ეთამაშება. მოტა პორტუგალიელია, თუმცა ლუქსემბურგში, ნიედერკონში დაბადებული და გაზრდილია.
ფეხბურთელს იმედი ჰქონდა, რომ პორტუგალიის ნაკრებში ითამაშებდა და ეს ადრე ლუქსემბურგელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმაც აღნიშნა, რის გამოც ჩვენს მომავალ მეტოქეს უარს ეუბნებოდა, ახლა კი მოცემულობა შეიცვალა, რაც ალბათ ევროპის ჩემპიონატზე შესაძლო მონაწილეობის შანსის დიდი დამსახურებაა.
“მონცას” თავდამსხმელის ძმამ, რენატომ, Contacto-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და არის დიდი შანსი იმისა, რომ მოტამ მოქალაქეობა შეიცვალოს და 21 მარტს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს, ყველაფერი კი მომდევნო ორ თვეში ოფიციალურად გაირკვევა.
დანი მოტა 2019/21 წლებში პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო და 16 შეხვედრაში 7 გოლიც შეაგდო, თუმცა ქვეყნის მთავარ გუნდში არ უხმობენ.
ის ერთი ხანობა ტურინის “იუვენტუსშიც” ირიცხებოდა, თუმცა “ვეკია სინიორას” მთავარი გუნდის მაისური არასდროს მოურგია.
მოტას უთამაშია “ენტელასა” და “სასუოლოშიც”. ის 2019 წლიდან “მონცას” წევრია. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში მას გოლი არ გაუტანია, გასულ სეზონში კი 29 დაპირისპირებაში თავი 5-ჯერ გამოიჩინა.
ამის მონაგარს თუ გადახედავთ ბევრი არაფერი, ამ სეზონში განსაკუთრებით.. 12 თამაშში ერთი კინკილა საგოლე პასი ქვედალიგელთან. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენი დაცვისთვის უკვე ნებისმიერი მოწინააღმდეგე თავსატეხია.. ამათ თუ გავცდით ბერძნებთან რა გვეშველება მართლა არ ვიცი, მითუმეტეს ჩვენთვის უსაშველოდ უხერხული მეტოქეა, ერთი მოგებაც არ გვაქვს 9 შეხვედრიდან!