„თავისუფლების მოედანმა” შეიმუშავა ლუსტრაციის კანონპროექტი. მათი განმარტებით, ეს იქნება პირველი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც ისინი წარუდგენენ ახალ, დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს. იქამდე კი საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებას, მკვლევრებს, პოლიტიკურ პარტიებს იწვევენ დოკუმენტის შეჯერებისთვის.
დღევანდელ ბრიფინგზე „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ, თქვა:
„ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ, პირველი – აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა, მეორე – დავიცვათ დემოკრატიული ინსტიტუტები ამ ქვეყანაში და მესამე – ის ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობდნენ საბჭოთა სპეცსამსახურებთან, ან მათ მემკვიდრე ორგანიზაციებთან, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაცილოთ ქართულ სახელმწიფოსთან ყოველგვარ კონტაქტს.
ასეთ ადამიანებს არ უნდა შეეძლოთ მიიღონ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება ქვეყნის მართვას. ასევე, არ უნდა იყვნენ შემხებლობაში მნიშვნელოვან საკითხებთან, რომლებიც სახელმწიფოს დაფინანსებით კეთდება – იქნება ეს საგანმანათლებლო თუ კვლევითი საქმიანობა, თუ იქნება სახელმწიფო შესყიდვები.
საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში ყველა ხელისუფლება ყოველთვის ვიღაცეებისთვის ცდილობდა აგენტის იარლიყის მიწებებას, ვფიქრობთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთხელ და სამუდამოდ ობიექტური, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი პროცესის შედეგად ნამდვილად ვიცოდეთ ვინ თანამშრომლობდა საბჭოთა და მათ მემკვიდრე სამსახურებთან და დავადგინოთ ეს ისტორიული სიმართლე, ამისათვის ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი როემლიც იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროეტი რომელსაც ჩვენ წარვადგენთ ახალ, დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს პარლამენტში“
