“ლუკოილის” შემოსავალი საქართველოში ₾762 მილიონამდე გაიზარდა (bm.ge)

რუსული ენერგეტიკული გიგანტის „ლუკოილის“ ქართულმა შვილობილმა კომპანიამ „ლუკოილ ჯორჯიამ“ 2024 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კომპანიის შემოსავალმა 762.5 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 279 მილიონი ლარით მეტია.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს კომპანიის წმინდა მოგება თითქმის ორჯერ გაიზარდა და 35.5 მილიონ ლარს მიაღწია.
კომპანიის ხარჯების უდიდესი ნაწილი – 703.8 მილიონი ლარი – ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე მოდიოდა. სახელფასო ხარჯები 13 მილიონი ლარი იყო, ხოლო ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯები 3.5 მილიონ ლარს შეადგენდა.
მიღებული შემოსავლიდან 566.8 მილიონი ლარი საბითუმო ბაზარზე ნავთობპროდუქტების რეალიზაციიდან, 195.7 მილიონი ლარი კი საცალო გაყიდვებიდან მოვიდა. ასევე, ავტოგასამართ სადგურებთან არსებული მაღაზიების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 3.8 მილიონი ლარი შეადგინა.
2024 წლის განმავლობაში კომპანიამ მთლიანად დაფარა 8.25 მილიონი ლარის სესხი და წლის ბოლოს ვალდებულებების გარეშე შეხვდა. „ლუკოილ ჯორჯიას“ აქტივები 134.8 მილიონ ლარს აღწევს, საიდანაც ფულადი სახსრები 32.7 მილიონი ლარია.
კომპანია საქართველოში ოპერირებს 24 საკუთრებაში არსებული, 26 იჯარით აღებული და 10 ფრანჩაიზული ავტოგასამართ სადგურის მეშვეობით, რომლებიც ქვეყნის ყველა რეგიონშია განთავსებული. მისი ძირითადი მომწოდებელი ბულგარეთში მდებარე LUKOIL NEFTOHIM BURGAS AD-ია, რომელიც „ლუკოილის“ ჯგუფში შედის.
2024 წელს დასრულდა კომპანიის საკუთრების გადაცემის პროცესი — „ლუკოილ ჯორჯია“ LITASCO SA-სგან გადავიდა LUKOIL International GmbH-ის საკუთრებაში, რომელიც საბოლოოდ „ლუკოილის“ საჯარო სააქციო საზოგადოების კონტროლის ქვეშ რჩება.
ლუკოილი პირველი მსხვილი ნავთობკომპანიაა, რომელმაც 2024 წლის შედეგები გაასაჯაროვა.
bm.ge