„ლუკოილის“ უცხოური აქტივები 22 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
საუდის არაბეთის კომპანია „მიდად ენერჯი“ სანქცირებული „ლუკოილის“ უცხოური აქტივების შეძენის ერთ-ერთ წამყვან პრეტენდენტად გამოიკვეთა – ეს ინფორმაცია „როიტერს“ სამმა წყარომ დაუდასტურა. სააგენტო აღნიშნავს, რომ მოსკოვთან და ვაშინგტონთან „მიდად ენერჯის“ ღრმა პოლიტიკური კავშირები აქვს. „ლუკოილის“ უცხოური აქტივები 22 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
„ლუკოილის“ უცხოური აქტივების მიმართ ინტერესი ათამდე პოტენციურმა ინვესტორმა გამოხატა, რომელთა შორის არიან „ექსონ მობილი“, „შევრონი“ და და კერძო საინვესტიციო კომპანია „კარლაისლი“. „მადიდის“ ხელმძღვანელი საუდის არაბეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, მუსაედ ალ-აიბანის ძმაა, რომელიც თებერვალში საუდის არაბეთში გამართულ რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. მათი მამა საუდის არაბეთის დაზვერვის პირველი ხელმძღვანელი იყო. დონალდ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობის პერიოდში, შეერთებულ შტატებსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობამ პიკს მიაღწია, რაც ენერგეტიკულ და უსაფრთხოების სფეროში ათწლეულების განმავლობაში არსებულ თანამშრომლობას ეფუძნება.
წელს ერ-რიადმა და ვაშინგტონმა რამდენიმე შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელთა ფარგლებში, საუდის არაბეთმა შეერთებულ შტატებში ტრილიონ დოლარამდე ინვესტიციის პირობა დადო. „მიდად ენერჯის“ გაფართოების ამბიციური სტრატეგია აქვს, რაც ოქტომბერში ალჟირთან გაფორმებული 5.4 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგებითაც დასტურდება. საუდის არაბეთის კომპანია გეგმავს „ლუკოილის“ მთელი უცხოური აქტივების ნაღდი ფულით გამოსყიდვას, თანხები კი ესქრო (პირობით) ანგარიშზე მანამ შეინახება, სანამ რუსულ კომპანიას სანქციები არ მოეხსნება. გარიგებაში, შესაძლოა, ამერიკული კომპანიებიც ჩაერთონ, დასძინა „როიტერის“ წყარომ.
წყარო: 1 არხი




