ლუკა ჯაბუას ადვოკატი: ეს არ არის რიგითი სისხლის სამართლის საქმე… სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ ეს რიგითი საქმე არ იყო

ლუკა ჯაბუას ადვოკატი რუსუდან აგურაშვილი:
„ეს არ არის რიგითი სისხლის სამართლის საქმე… სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ ეს რიგითი საქმე არ იყო. ეს არის საქმე, რომელმაც შეცვალა საქართველოს კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, რომელმაც დაკეტა სასამართლოს შენობა, პირდაპირი მნიშვნელობით და საქმე იქამდე მივიდა, რომ სასამართლოს შენობის ერთ-ერთი კარი არის ჩაკეტილი, რათა მაქსიმალურად გაკონტროლდეს შენობაში შემავალი და გამავალი პირების ვინაობა.
ეს არის საქმე, რომლის გაშუქების და საზოგადოებამდე მიტანის გამო შეიზღუდა ჟურნალისტების საქმიანობა და საჯაროობის პრინციპი ნულოვან ზღვრამდე დაიყვანა. სასამართლო ხელისუფლება, რომელიც მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს, საზოგადოებაში ნდობის ფაქტორს უნდა აჩენდეს და მორალურობის მაღალი მაჩვენებლით უნდა ხასიათდებოდეს, აბსოლუტურად დაკეტილი და ტოტალური კონტროლის ორგანოდ გადაიქცა”, – განაცხადა პროცესზე ადვოკატმა.
🔺 სააპელაციო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვა თქვეს.
💬 „ლუკა ჯაბუა დღეს უკვე 21 წლისაა, როცა დააკავეს, 20 წლის იყო და 21 წელი სასამართლოს დარბაზში შეუსრულდა. როდესაც მის ოჯახის წევრებს, დედას სურდათ, რომ დაბადების დღე მიელოცათ წარწერით – „ლუკა გილოცავ დაბადების დღეს” – ამის საშუალება არ მისცა სასამართლომ ბრალდებულსა და მის ოჯახს”, – დასძინა ადვოკატმა.
ადვოკატი შესავალ სიტყვა მოკლედ შეეხო საქმის სამართელბრივ მხარეს და აღნიშნა, რომ ვრცლად და დეტალურად დასკვნით სიტყვაში ისაუბრებს.
📌 თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11 პირის მიმართ წაყენებული ბრალი (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი) სსკ-ის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს – რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
მსჯავრდებულებს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ისინი სასამართლომ ჯგუფური მოქმედების მონაწილეებად მიიჩნია.
მსჯავრდებულები სააპელაციო საჩივარში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენების გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ.
პროკურატურა კი განაჩენს კვალიფიკაციის ნაწილში არ ეთანხმება და მოითხოვს, მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით.