ლუკა კურტანიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, სპორტსმენ ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მას ბრალად ედება ყოფილ მეუღლეზე ძალადობა, ნივთის დაზიანება და დამცავი ორდერის დარღვევა.
გავრცელებული ვიდეო კადრების მიხედვით, კურტანიძე, ქობულეთში, ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს ფიზიკურად გაუსწორდა პოლიციელების თვალწინ.
ადვოკატი ივანე მეფარიშვილი 50 ათასი ლარის გირაოს გამოყენებას და წინასწარი პატიმრობიდან ლუკა კურტანიძის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს დაზარალებული ქალის სხეულზე არსებულ დაზიანებების შესახებ, ადვოკატმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ ექსპერტიზა დაადგენს, რა გარემოებებში მიიღო ქალმა ეს დაზიანებები.
„ლუკა არასოდეს შეეგუება იმ იარლიყს, რომ ის არის მოძალადე, განსაკუთრებით ქალების მიმართ. დავაყენებთ საკითხს, რომ აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ იყოს, მაგრამ მზად ვართ, გირაოც გადავიხადოთ 50 ათასი ლარის ოდენობით“, – ამბობს ლუკა კურტანიძის ადვოკატი.
კადრებში, რომელიც TV პირველმა გაავრცელა, ჩანს, როგორც ცდილობს კურტანიძე ფიზიკურ თავდასხმას ქალზე. მის შეჩერებას რამდენიმე კაცი ცდილობს. ამავე კადრებში ჩანს, რომ ადგილზეა საპატრულო პოლციის ეკიპაჟი. თუმცა, აქვე ისმის ხათუნა მიქაცაძის ხმა, რომელიც პოლიციელს ეკითხება, რატომ არ აკავებენ მოძალადეს. გარდა ამისა, ქალი ამბობს, რომ პოლიციელმა მისი ტელეფონიდან წაშალა ძალდობის ამსახველი ვიდეო.
ხათუნა მიქაცაძე TV პირველს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან ჩაერთო და მოუყვა, რომ პოლიციისთვის არაერთხელ მიუმართავს, თუმცა მათ აქამდე არ ჰქონიათ შესაბამუსი რეაგირება. მისივე თქმით, კურტანიძეზე დამცავი ორდერი იყო გამოწერილი და მას ყოფილ ცოლთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა. მიქაცაძეს ეტყობა ფიზიკური ძალადობის კვალი სახეზე და მკლავებზე. მისივე თქმით, დაზიანებები აქვს მუხლებზეც.
ვეტერანი სპორტსმენი, ლუკა კურტანიძე იყო პარლამნეტის წევრი „ქართული ოცნებიდან”. ის ასევე არის ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი. მისი მხირდან ძალადობაზე მიქაცაძეს აქამდეც არაერთხელ უსაუბრია.