ლუკაშენკო ყაველაშვილს: მწამს, გმირთა პატივისცემა ჩვენი მეგობრობის განმამტკიცებელი იქნება

9 მაისის აღსანიშნავად ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ივანიშვილის პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს მისალოცი წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია ბელარუსის პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ მილოცვაში ლუკაშენკომ “ყურადღება გაამახვილა, რომ 9 მაისი არის მათი შეუდარებელი სიმამაცისა და გამძლეობის სიმბოლო, ვინც ფაშიზმს ფრონტზე ებრძოდა და ფრონტის ზურგში შრომობდა, იცავდა საკუთარი მიწის დამოუკიდებლობას”.

ლუკაშენკო ყაველაშვილისთვის გაგზავნილ წერილში გამოთქვამს იმედს, რომ ორი ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის დროს ბელარუსში დაღუპული გამოჩენილი ქართველი სამხედროების ხსოვნის მეშვეობით დაახლოვდება.

“ჩვენი სამშობლოს ყავისფერი ჭირისგან (რედ. – იგულისხმება ფაშიზმი) გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბელარუსებმა და ქართველებმა. მინსკში პატივი მივაგეთ სერგო ჭიღლაძისა და მირზა გელოვანის ხსოვნას, რომლებმაც ბელარუსისთვის ბრძოლაში უკვდავი გმირობა ჩაიდინეს და ჩვენთვის საქართველოს შვილთა თავგანწირული მებრძოლის ღირსების განსხეულებად იქცნენ. დარწმუნებული ვარ, რომ უსაზღვრო მადლიერება და პატივისცემა გამარჯვებულ გმირთა მიმართ კვლავ დარჩება ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის მეგობრობის განმტკიცების მნიშვნელოვან ფაქტორად.” – ნათქვამია წერილში, რომელიც ყაველაშვილმა ლუკაშენკოსგან მიიღო.

აღსანიშნავია, რომ წელს ლუკაშენკომ ივანიშვილის პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს გამარჯვების დღის მისალოცი წერილი პირადად გაუგზავნა. აქამდე, გასულ წელს ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა მისალოცი წერილით მიმართა არა მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, არამედ “ქართველ ხალხს”.

აქამდე, 11 თევერვალს მიხეილ ყაველაშვილმა ალექსანდრ ლუკაშენკოს წერილით გაპრეზიდენტება მიულოცა. ამას წინ უსწრებდა ლუკაშენკოს მილოცვა ყაველაშვილისადმი. ბელარუსში საპრეზიდენტო კვლავ არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. 2020 წლის საპროტესტო ტალღის შემდეგ ლუკაშენკომ ქვეყანაში ოპოზიცია და დამოუკიდებელი მედია გაანადგურა, მას არჩევნებში რეალური კონკურენტი არ ჰყოლია. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის მონაცემებით ლუკაშენკომ ხმების 87%-ზე მეტი აიღო.

მარტის პირველ ნახევარში საქართველოს ელჩმა ბელარუსში, გიორგი საგანელიძემ თქვა, რომ ბელარუსი და ქართველი ხალხის დაახლოება საჭიროა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა