ლუკაშენკამ შეიწყალა „ექსტრემისტული დანაშაულისთვის“ გასამართლებული კიდევ 22 პატიმარი

ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა საახალწლოდ შეიწყალა კიდევ 22 პატიმარი. ლუკაშენკას ოფიციალურ საიტზე დღეს, 30 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ჰუმანიტარული მოტივებით“ შეწყალებულია „ექსტრემისტული მიმართულების დანაშაულისთვის“ გასამართლებული 15 ქალი და 7 მამაკაცი, რომლებმაც „ბრალი აღიარეს, მოინანიეს და სახელმწიფოს მეთაურს შეწყალების შუამდგომლობით მიმართეს“.
ბელარუსის ხელისუფლება „ექსტრემისტული მიმართულების დანაშაულისთვის“ მსჯავრდადებულებად მოიხსენიებს ხოლმე პოლიტიკური მოტივებით გასამართლებულებს.
შეწყალებულთა ვინაობა საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.
2025 წლის დასაწყისიდან ლუკაშენკამ -ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შედეგად გაათავისუფლა პოლიტიკური ნიშნით სხვადასხვა დროს დაკავებული ორასამდე პოლიტიკოსი, უფლებადამცველი, აქტივისტი და ჟურნალისტი.
სულ ბოლოს, 13 დეკემბერს ბელარუსში გაათავისუფლეს 120-ზე მეტი პოლიტპატიმარი, მათ შორის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, უფლებადამცველი ალეს ბიალიაცკი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტარ ბაბარიკა და ოპოზიციონერი მარია კოლესნიკავა.
ივნისსა და სექტემბერში გათავისუფლებულთა შორის იყვნენ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სიარჰეი ციხანოუსკი და დამოუკიდებელი პროფკავშირების ლიდერები.
თებერვალში პატიმრობიდან გათავისუფლდა რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ჟურნალისტი ედრეი კუზნჩიკი,
ლუკაშენკას რეჟიმის მიერ პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები მოუხსნა ბელარუსის ავიაკომპანია „ბელავიას” და კალიუმის მომპოვებელ კომპანიას.
უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, ბელარუსის ციხეებში რჩება ათასზე მეტი პოლიტპატიმარი.
ფორუმი