„წამით არ ვკარგავ შემართებას, თავი მაღლა მიჭირავს და იმაზე ძლიერი ვარ, როგორც არასდროს.
წამით არ ვნანობ არაფერს და ყოველდღიურად მეტად ვრწმუნდები, რომ ეს ყველაფერი ღირს თავისუფლებისთვის და სამშობლოს სიყვარულისთვის“ – 20 წლის ლუკა ჯაბუა ციხიდან.
ლუკა ჯაბუა 2024 წლის 6 დეკემბერს საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ლუკას და საპროტესტო აქციების კიდევ 10 სხვა მონაწილეს (რეზო კიკნაძე, ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი) პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე „სამართალდამცავების მიმართ ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავდასხმას” ედავებიან. თუმცა, ლუკას ადვოკატის, რუსუდან აგურაშვილის თქმით, ლუკა სასამართლო პროცესებამდე არ იცნობდა არცერთ პირს, ვისთან ერთადაც ჯგუფურ ძალადობაში სდებენ ბრალს. მათი სახელები გაგებულიც კი არ ჰქონია.
ბრალში აღნიშნულია, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები თავდასხმისთვის სხვადასხვა საგნებს იყენებდნენ. ლუკას ადვოკატი კი ამბობს, რომ ეს ბრალდება განზოგადებულია თერთმეტივე პირის მიმართ, მაგრამ საქმეში არ ჩანს, რაში გამოიხატებოდა ჯგუფურობა, ან – თავდასხმა, ან ვის მიადგა ზიანი. მაგალითად, არ ჩანს, კონკრეტულად, ლუკა ჯაბუას მოქმედებების შედეგად ვინ დაზარალდა.
ლუკას წინააღმდეგ საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი ვიდეოჩანაწერი, დაკავების ოქმი და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლითაც ამოღებულია: ტელეფონი, სათვალე და ევროკავშირის დროშა.
„ვიდეოჩანაწერში ნამდვილად ლუკა ჯაბუაა, თუმცა არ ჩანს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ვინმესთვის ზიანის მიყენება, ჯგუფურად, ან ვინმესთან ერთად ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობა. ეს აუცილებლად გახდება სადავო არსებითი განხილვის სხდომაზე“, – ამბობს რუსუდან აგურაშვილი.