ლუვრის ძარცვის საქმეზე პარიზის პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა – Reuters
ლუვრის ძარცვის საქმესთან დაკავშირებით პარიზის პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა, – ინფორმაციას Reuters-ი ფრანგულ რადიოსადგურ RTL-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
რადიოსადგურ RTL-ის ცნობით, სულ, პარიზის პოლიციამ ოთხშაბათს საღამოს ლუვრის ძარცვასთან დაკავშირებით დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ხუთი ეჭვმიტანილი დააკავა.
შეგახსენებთ, 19 ოქტომბერს ლუვრი ოთხმა პირმა გაქურდა. მათ ლუვრის მუზეუმის „აპოლონის გალერეიდან“ 88 მილიონი ევროს ღირებულების სამკაულები მოიპარეს.
პარიზის პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი გასულ კვირას დააკავა. პარიზის პროკურატურის განცხადებით, მათ ძარცვაში მონაწილეობა „ნაწილობრივ აღიარეს“. პარიზის პროკურორმა, ლორ ბეკუიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, ძარცვაში უფრო დიდი ჯგუფი მონაწილეობდეს.
ლუვრიდან მოპარული სამკაულები ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.




