საქართველოს ლუდის წარმოების შესაძლებლობა ბაზარზე არსებულ მოთხოვნას 3-ჯერ აჭარბებს. ,,ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ,,კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ბაზარზე არსებული მოთხოვნა დაახლოებით 133 მილიონი ლიტრია. ქარხნებს კი წელიწადში 450 მილიონ ლიტრამდე ლუდის ჩამოსხმა შეუძლიათ. ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი განმარტავს, რომ საწარმოო შესაძლებლობის ასეთი მაჩვენებელი ქარხნების სწორი და გრძელვადიანი სტრატეგიის შედეგია.
,,ლუდის საწარმოო საშუალებები იმაზე მეტია, ვიდრე საქართველოს ბაზარს სჭირდება. როდესაც ქარხანა შენდება, ქარხანა არ შეიძლება აშენდეს იმ რაოდენობის ბაზრისთვის რაც არის. მეტობით უნდა ააშენო. ჩვენი საწარმოო შესაძლებლობა დაახლოებით არის 200 მილიონი ლიტრი წელიწადში. მთლიანად საქართველოს საწარმოო შესაძლებლობა (ჩემი აზრით) არის დაახლოებით 450 მილიონ ლიტრამდე. ჩვენი ბაზრის მოცულობა დაახლოებით არის 133 მილიონი ლიტრი. ანუ სამჯერ მეტი საწარმოო შესაძლებლობები გვაქვს, ვიდრე საქართველოს ბაზარს სჭირდება. თუ გრძელვადიანი მიზნები გაქვთ და სწორად გათვლილი სტრატეგია გაქვთ, თქვენ არასდროს არ დაამზადებთ შეზღუდული რაოდენობის შესაძლებლობებს, არამედ გრძელვადიანად გათვლით თქვენი საწარმოს შესაძლებლობებს. ეს კარგია ინდუსტრიისთვის, როდესაც მას უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ადგილობრივი ბაზარი ითხოვს.”- აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
,,ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს ვკითხეთ, საწარმოო შესაძლებლობისა და ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით რა საექსპორტო პოტენციალი აქვს ქართულ ლუდს. ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი განმარტავს, რომ ქართული ლუდი ექსპორტზე ძალიან მცირე რაოდენობით გადის და მას ძირითადად ისეთ ქვეყნებში მოიხმარენ, რომელთა მოსახლეობისთვისაც საქართველო ნაცნობია.
,,ლუდი არის ლოკალური პროდუქტი. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ სუპერ პრემიუმი ბრენდი, მაშინ შეგიძლიათ ექსპორტზე გაიტანოთ. ლუდი ექსპორტზე გადის ძალიან მცირე რაოდენობით. ისეთ გეორგაფიებში, სადაც საქართველოს იცნობენ და ამ თუ იმ ფორმით ემოციური კავშირი აქვთ საქართველოსთან. აქედან გამომდინარე, საქართველოში ლუდების ლიცენზირებულ წარმოებას ვაკეთებთ. რაც ძალიან დადებითია ქართული ინდუსტრიისთვის. რაც შეეხება ლუდის ექსპორტს, მცირე რაოდენობით ხდება.”- აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
