ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრის შედეგად რამდენიმე ცნობილი მსახიობის სახლები განადგურდა

ბილი კრისტალი და პარიზ ჰილტონი იმ ცნობილ ადამიანებს შორის არიან, რომლებმაც ლოს-ანჯელესის ტერიტორიაზე მძვინვარე ტყის ხანძრის შედეგად სახლები დაკარგეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ჩემმა მეუღლემ და მე აქ გავზარდეთ ჩვენი შვილები და შვილიშვილები. ჩვენი სახლის ყოველი ინჩი სიყვარულით იყო სავსე – ლამაზი მოგონებებით, რომლების წაშლა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, გული გვტკივა, მაგრამ ჩვენი შვილების და მეგობრების სიყვარულით ამას გადავლახავთ“, – აღნიშნა ბილი კრისტალმა.
ხანძრის შედეგად განადგურდა მსახიობ ჯეიმს ვუდსის უძრავი ქონება პასიფიკ-პალისეიდსში.
„ერთ დღეს აუზში ბანაობ და მეორე დღეს ყველაფერი გაქრა”, – განუცხადა მან CNN-ს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა გაანადგურა მსახიობ მაილზ ტელერის სახლიც.
ნანგრევებად გადაქცეული სახლის ვიდეო გაავრცელა მსახიობმა კამერონ მატისონმა.
„ჩვენ უსაფრთხოდ ვართ. მაგრამ ეს არის ის, რაც დარჩა ჩვენი ლამაზი სახლიდან”, – წერს მსახიობი.
BBC-ის ინფორმაციით, პასიფიკ-პალისეიდსში სახლები ასევე აქვთ ჯენიფერ ენისტონს, ბრედლი კუპერს, ტომ ჰენკსს, რიზ უიზერსპუნს, ადამ სენდლერს და მაიკლ კიტონს.
ბოლო მონაცემებით, ლოს-ანჯელესში მძვინვარე ტყის ხანძარს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრის გამო ასობით სახლი და სხვა ნაგებობა განადგურდა. ინფორმაციას საინფორმაცია სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ხანძრის გამო 100 000-ზე მეტი ადამიანისთვის სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა.
ხანძრის ჩაქრობის ოპერაციებს ძლიერი ქარი აფერხებს. ოფიციალური პირების თქმით, ლოს-ანჯელესში ხანძრის 5 სხვადასხვა კერაა და ამ დროისთვის ყველა მათგანი 0%-ითაა შეკავებული.