ლორა კუპერი – ბევრ საკითხში საქართველოს მთავრობა რუსეთს დაუახლოვდა – ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ დღეს საქართველოში რუსეთთან ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა იქნებოდა

ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათ სუვერენიტეტს კვლავ მხარს უჭერს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ (2017-2025), ლორა კუპერმა Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სუვერენიტეტს მხარი დავუჭიროთ. ეს მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, რომლებიც ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ უნდა იცოდნენ, რომ აშშ კვლავ მხარს უჭერს მათ სუვერენიტეტს. ასევე, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია სთვისაც. არ შეიძლება რუსეთმა იფიქროს, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიების მიტაცება, მათი დამოუკიდებლად ან რუსეთის ნაწილად გამოცხადება შერჩება. თუ საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით დათმობაზე წავალთ, ეს გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს რუსეთი ჩვენს პოზიციას სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც, უკრაინის ან მოლდოვის შემთხვევაში. ეს იზოლირებული შემთხვევა არ არის. ამიტომ, მნიშვნელოვანია სუვერენიტეტის მხარდაჭერა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ლორა კუპერმა.
ლორა კუპერმა საქართველოში აშშ-ის მიერ სამხედრო წვრთნების დაპაუზებისა და აღდგენის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
„ვფიქრობ, სამხედრო წვრთნების ჩატარება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ საქართველოსთან დაკავშირებით მართლაც მძიმე მდგომარეობაში ვართ, იმ რეფორმებისგან უკუსვლით, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოს გაძლიერებას, დასავლეთთან კავშირების განმტკიცებას და ევროკავშირისკენ გზის მშენებლობას. ამჟამინდელმა მთავრობამ ამ ყველაფერს ზურგი აქცია. პირიქით, ბევრ საკითხში, [საქართველოს მთავრობა] რუსეთს დაუახლოვდა. ჩემთვის წარმოუდგენელია საქართველოსთან მუშაობის ჩემი პირველივე დღეებიდან, რომ დღეს საქართველოში რუსეთთან ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა იქნებოდა“, – განაცხადა ლორა კუპერმა.
მისი თქმით, აშშ-მა ქართველ ხალხს არ უნდა აგრძნობინოს, რომ მათ ზურგი აქცია.
„კარგად ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს თავდაცვით ძალებს ქართველი ხალხისთვის. ისინი ქართველი ერის გული და სული არიან. ამიტომ, მათთან თანამშრომლობის გაგრძელება, მათი წვრთნა, რათა შეძლონ საქართველოს ინტერესების ლეგიტიმურად დაცვა, ვფიქრობ სწორედ ეს არის ის, რაც უნდა გავაგრძელოთ, თუნდაც იმ დროს, როცა მთავრობას მოვუწოდებთ, რომ ისევ დასავლეთისკენ მიბრუნდეს და რეფორმების გატარება გააგრძელოს“, – აღნიშნა კუპერმა.