ლონდონში დააკავეს ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი „გუბერნატორი“

ლონდონში დააკავეს ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი ე.წ. გუბერნატორი დმიტრი ოვსიანიკოვი. მას ბრალად ედება დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევა.
ინფორმაცია, რომ ოვსიანიკოვი ლონდონში, თავის სახლში დააკავეს, დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით 31 იანვარს გაავრცელა გამოცემა The Times-მა.
დიდმა ბრიტანეთმა ოვსიანიკოვი 2020 წლის დეკემბრიდან დაამატა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო სანქცირებულთა სიას. სანქციები მოიცავდა რუსი ჩინოვნიკის აქტივების გაყინვას და მისთვის სატრასტო მომსახურების გაწევის აკრძალვას. ამასთან, ოვსიანიკოვისთვის არ აუკრძალავთ დიდ ბრიტანეთში ჩასვლა.
The Times-ის ცნობით, დმიტრი ოვსიანიკოვს ბრალად ედება ანგარიშის გახსნა ბანკში Halifax Bank of Scotland და ანგარიშზე 65 ათასი გირვანქა სტერლინგის შეტანა. ასევე – 77,5 ათასი გირვანქა სტერლინგის ნაღდი ფულის სახით შენახვა. ოვსიანიკოვი ლონდონის ერთ-ერთ საპატიმროშია და სასამართლოს წინაშე 20 თებერვალს წარდგება.
ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი ე.წ. გუბერნატორის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებიც მოქმედებდა, თუმცა 2022 წლის ოქტომბერში ოვსიანიკოვმა სასამართლოს გზით მიაღწია ამ სანქციების გაუქმებას.
უკრაინის ქალაქ სევასტოპოლს, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წლიდანაა ანექსირებული, ოვსიანიკოვი 2016-2019 წლებში ხელმძღვანელობდა ჯერ ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, შემდეგ კი გუბერნატორის სტატუსით.
ე.წ. გუბერნატორობამდეც და მის შემდეგაც დმიტრი ოვსიანიკოვი იყო რუსეთის მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე. ამ თანამდებობიდან რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიშუსტინმა 2020 წელს გაათავისუფლა. ფორმალურ მიზეზად დასახელდა მინისტრის ერთი მოადგილის თანამდებობის საერთოდ გაუქმება. თუმცა, სავარაუდოდ, ოვსიანიკოვი მოხსნეს ქალაქ იჟევსკის აეროპორტში სკანდალის გამო, როცა დადგენილი წესებით შემოწმებაზე უარი თქვა და აეროპორტის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მოაყენა. ამ ფაქტის გამო ოვსიანიკოვი გარიცხეს პუტინის მხარდამჭერი პარტიიდან „ედინაია როსია“.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ