„ლონდონის საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რადგან ის ბევრ საინტერესო ინვესტორთან პირდაპირი კავშირის საშუალებას გვაძლევს“ – ლევან დავითაშვილი
„საქართველოს საინვესტიციო ფორუმის ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამართვა და თანამშრომლობა ლონდონის საფონდო ბირჟასთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ კვალიფიციურ ინვესტორებთან შეგვიძლია პირდაპირ დავამყაროთ კავშირი. ეს ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ზოგადად ლონდონი საფინანსო ცენტრი და საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო პარტნიორია“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი საქართველოს საინვესტიციო ფორუმს წელს უკვე მესამედ მასპინძლობს, თუმცა, ღონისძიება ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად გაიმართა. საქართველოს დელეგაცია ფორუმზე ლონდონში პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა – ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელი პირები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ამასთან, ფორუმში გაერთიანებული სამეფოს მხრიდან 180-ზე მეტი საინვესტიციო კომპანიის და ჯგუფის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ლონდონის საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რადგან ის საქართველოს ეკონომიკურ სექტორს ბევრ საინტერესო ინვესტორთან პირდაპირი კავშირის საშუალებას აძლევს – გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის წარმომადგენლებს ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის და ეკონომიკური კლიმატის შესახებ.
„საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ბოლო პერიოდში დიდი ბრიტანეთი ლიდერ პოზიციას იკავებს. გასულ წელს ბრიტანეთიდან ინვესტიციებმა თითქმის 500 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – წინა წელთან შედარებით ეს იყო 23%-იანი ზრდა. ვფიქრობ, რომ მსგავსი ფორუმი და პირდაპირი კომუნიკაცია კვალიფიციურ ინვესტორებთან ძალიან ხელსაყრელი და ასევე ძალიან სასარგებლო იქნება იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკაში დამატებითი ინვესტიციები მოვიზიდოთ და ზოგადად, პოზიტიური მესიჯები, რომელიც ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გვაქვს, მივიტანოთ უშუალოდ ჩვენს პარტნიორებთან, ინვესტორებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ლონდონი სწორედ ის ადგილია, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორების გაერთიანება და თავშეყრა ხდება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს
