ლონდონის აეროპორტი დროებით დაიხურა ელექტროსადგურში ხანძრის გამო

21 მარტს, დღის ბოლომდე დაიკეტა ლონდონის უმსხვილესი საერთაშორისო აეროპორტი ჰითროუ. ქვესადგურში, რომელიც აეროპორტს ელექტროენერგიით ამარაგებს, გასულ ღამით ხანძარი გაჩნდა. მისი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ენერგომომარაგების შეფერხების გამო აეროპორტის ადმინისტრაციამ ჰითროუს დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და თვითმფრინავები სხვა აეროპორტებისკენ გაგზავნა. ლონდონს ჰითროუს გარდა კიდევ რამდენიმე აეროპორტი აქვს.
BBC-ს ცნობით, ქვესადგური, სადაც ხანძარი გაჩნდა, ლონდონის დასავლეთში მდებარე ჰეისის რაიონშია. ხანძრის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 16 ათასზე მეტ სახლსაც. ევაკუირებულია ქვესადგურის უშუალო სიახლოვეს მცხოვრები 150-მდე ადამიანი.
ჰითროუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია. 2024 წელს ის 83,9 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
ფორუმი