ყაზახეთში მცხოვრები ქართველი მილიარდერის, მიხეილ ლომთაძის ფინტექ-კომპანია Kaspi.kz, რომლის აქციები Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, თურქეთის ბაზარზე შედის.
თურქეთის 100-მილიონიან ბაზარზე გააქტიურებისთვის, Kaspi.kz-მა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ელექტრონული კომერციის პლატფორმის, Hepsiburada-ს 65.4%-იანი წილი შეიძინა, რაშიც 1 მილიარდ 127 მილიონი დოლარი გადაიხადა. Nasdaq-ის ინფორმაციით, ტრანზაქცია უკვე წარმატებით არის დასრულებული. გარიგების შედეგად, Kaspi.kz-ი თურქული კომპანიის საკონტროლო წილის მფლობელი გახდა.
უნდა აღინიშნოს, რომ Hepsiburada საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები აგრეთვე Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ტრანზაქციის დახურვის შემდეგ, ორივე კომპანია საკუთარ ბრენდს და საოპერაციო სტრუქტურას შეინარჩუნებს.
2000 წელს დაფუძნებული Hepsiburada თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა. გასულ ფისკალურ წელს, თურქული კომპანია 12 მილიონ მომხმარებელს და 100,000-მდე მერჩანტს მოემსახურა, რომელთაც პლატფორმაზე $4 მილიარდის საქონელი გაყიდეს. გასული წლის პირველ ნახევარში, კომპანია მოგებაზეც გავიდა. ტრადიციული ონლაინმაღაზიის გარდა, თურქული კომპანიის ეკოსისტემაში ვხედავთ, როგორც პროდუქტების მიტანის სერვისს, ასევე ონლაინგადახდების პლატფორმას, უპროცენტო განვადების ფუნქციონალს და სარეკლამო ბიზნესს.
აქვე, ცნობისთვის გეტყვით, რომ Kaspi.kz-ი ცენტრალური აზიის უდიდესი ფინტექ-კომპანიაა, რომელიც ფინანსური პროდუქტების გარდა აერთიანებს, როგორც ონლაინმაღაზიებს, ასევე ცენტრალურ აზიაში ონლაინგადახდების ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმას, სადაზღვევო პროდუქტებს და ქლაუდ-სერვისებს. მარტივად რომ ვთქვათ, Kaspi სუპერ აპია, ანუ აპლიკაცია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს. 2024 წლის სამი კვარტალის მონაცემებით, კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა 34%-ით იმატა და დაახლოებით $4 მილიარდი შეადგინა. ამავე პერიოდში, კომპანიის წმინდა მოგებამ 23%-ით იმატა და $1.6 მილიარდი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ლომთაძე ერთ-ერთი უმდიდრესი ქართველია, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი 5.8 მილიარდ დოლარად აფასებს.
