ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ის IPO-ზე შესაძლოა, 873 მლნ დოლარი მიიზიდოს

ყაზახეთის ონლაინ ბანკი და მარკეტპლეისი, Kaspi.kz, რომლის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, ქართველი მიხეილ ლომთაძეა, -ში აქციების პირველადი განთავსების ფარგლებში, 9 მილიონი ამერიკული სადეპოზიტო აქციის განთავსებას გეგმავს. ამის შესახებ ბანკის განცხადებაში წერია.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში Kaspi.kz-ის მიერ შეტანილ ანგარიშზე დაყრდნობით Bloomberg წერს, რომ მიმდინარე ფასებით ამ პაკეტის ღირებულება 873 მლნ დოლარს მიიზიდავს.
17 იანვარს, დილის 11:00 საათისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის ფასიანი ქაღალდები 97 დოლარად (-1,62%) იყიდებოდა. ბანკი წერს, რომ აქციების პირველადი განთავსების, ანუ IPO-ს (Initial Public Offering-IPO) ფარგლებში შეთავაზების ფასი, მათ შორის, ლონდონში ფასთა დადგენის თარიღისთვის არსებული ღირებულების მიხედვით განისაზღვრება.
Kaspi.kz-ის აქციებს მისი აქციონერები, კერძოდ, გამგეობის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ კიმი, გენერალური დირექტორი, მიხეილ ლომთაძე, ასევე, Baring Vostok Capital Partners-ში შემავალი ფონდი, Asia Equity Partners Limited გაყიდიან. ისინი, ასევე, დამატებით წარადგენენ 1,35 მილიონამდე ამერიკული დეპოზიტარის აქციას (American depositary share-ADS), რაც ამერიკულ საფონდო ბირჟაზე შესყიდვისთვის ხელმისაწვდომი და აშშ დოლარში დენომინირებული კომპანიის წილია. ADS-ის შეძენას IPO-ში მონაწილე ინვესტორები მისი დასრულებიდან 30 დღის განმავლობაში შეძლებენ. Kaspi.kz-მა, ასევე, ინვესტორებთან შეხვედრების სერიის, ე.წ. როუდ-შოუს დაწყება გამოაცხადა.
Kaspi.kz-მა ნიუ-იორკში, Nasdaq-ის ბირჟაზე ADS-ის განთავსების განაცხადი 2023 წლის ბოლოს შეიტანა. 17 იანვრის მდგომარეობით ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის საბაზრო ღირებულება 14,5 ფუნტ სტერლინგად (თითქმის, 18,4 მლრდ დოლარად) შეფასდა. Reuters წერს, რომ Kaspi.kz უერთდება რამდენიმე მეტად ღირებულ კომპანიას, რომლებიც წელს აშშ-ში IPO-ზე გასვლას გეგმავენ. კერძოდ, ლისტინგისთვის ემზადებიან სოციალური ქსელი Reddit, ღრუბლოვანი უსაფრთხოების Rubrik და სხვა კომპანიები.
მესამე კვარტლის ბოლოს Kaspi.kz-ის სუფთა მოგებამ 232,49 მლრდ ტენგე (512 მლნ დოლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 40%-ით მეტია. ბანკის შემოსავალი, თითქმის, 51%-ით გაიზარდა და 508,44 მლრდ ტენგე (დაახლოებით, 1,1 მლრდ დოლარი) შეადგინა. ს მეზობელი ქვეყნების სანდო ბანკების რეიტინგში Kaspi.kz-მა 2023 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა.
მიხეილ ლომთაძე Kaspi.kz-ს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 657-ე პოზიციაზეა. მისი ქონება 4.5 მლრდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო Forbes-ის რეიტინგში შესვლისას, ანუ 2021 წელს ლომთაძის ქონება 3.2 მლრდ დოლარს შეადგენდა.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ