“ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობა” ასორტიმენტს აფართოებს – რა გეგმები აქვს კომპანიას?

“ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობას” დამფუძნებელი, ერეკლე ლოლაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ საახალწლოდ ასორტიმენტზე 2 სახეობის ცქრიალა ღვინის დამატება იგეგმება.
მისი ინფორმაციით, ცქრიალა ღვინოებზე მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დაზუსტებულად, ერთ-ერთი მათგანი, ვარდისფერი ცქრიალა ღვინო იქნება.
“ცქრიალა ღვინოს რეალიზაციაში გაშვებას საახალწლოდ ვგეგმავთ. სავარაუდოდ ორი სახეობის ცქრიალა ღვინო გვექნება, რომლიდანაც ერთი ვარდისფერი ცქრიალა ღვინო იქნება, ხოლო მეორე ცქრიალა ღვინოს დამუშავება ტექნიკური შეფერხებით მიმდინარეობს და შეიძლება დროში გაჭიანურდეს.
გარდა ამისა, აგვისტოში ექსპორტს ავსტრალიაში ვგეგმავდით, სადაც 300 ბოთლი უნდა გაგვეგზავნა. ჩვენი მხრიდან ყველა ბიუროკრატია მოგვარებულია, თავად კომპანიას აქვს ლოგისტიკური დეტალები მოსაგვარებელი. ტვირთის შეკრება მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ჩვენი ღვინო უკვე მალე წავა. ამასთან, გერმანიაში ჩვენი ღვინო 1 წელია 8000 მოსავალში იყიდება.
ამჟამად, ახალი ბაზრების მოძიება არ მიმდინარეობს, რადგან რეალურად, იმხელა რაოდენობასაც არ ვაწარმოებთ, რომ ბაზრები ჩვენც ვეძიოთ და ამ ეტაპზე ადგილობრივი ბაზარი ჩვენს რესურსს სრულად ითვისებს”, – აღნიშნავს ლოლაძე.
მეღვინის განმარტებით, მართალია ღვინოზე ფასების კორექტირება არ მოუწიათ, თუმცა ბაზარზე მსყიდველუნარიანობის შემცირება შეინიშნება.
“ლოლაძეების საოჯახო მარნის” დამფუძნებლის ცნობით, კომპანიამ წელს ორი ახალი ობიექტი, კერძოდ ერთი ქსელური მაღაზია და ერთი ღვინის რესტორანი დაიმატა. ამასთან, ლოლაძე რთველზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ წელს, სხვა წლებთან შედარებით ყურძნის დეფიციტი არ არის და შეიძლება ითქვას, რომ ჭარბი მოსავალია.