“ლოკომოტივის ფუნქცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში თბილისს ეკისრება, თუმცა, გვჭირდება საფონდო ბირჟა, რომელიც არ გვეღირსა” – ზურაბ მაღრაძე

სომხეთ-აზერბაიჯან-თურქეთის სატრანზიტო მარშრუტი საქართველოს კონკურენტი არ იქნება – პირიქით, ის შუა დერეფნის შემავსებლად შეიძლება იქცე,- ამის შესახებ ბიზნესადმინისტრირების დოქტორმა, ზურაბ მაღრაძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ევროპული პორტების მაგალითი აჩვენებს, საერთო ზღვაში ოპერირებაც კი თანამშრომლობის შესაძლებლობად იქცევა, როცა ტვირთების რაოდენობა რეგიონულ შესაძლებლობებს აღემატება.
,,პირობითად, სომხეთმა რომ უზრუნველყოს ტვირთების აზერბაიჯანიდან თურქეთში გატანა და პირიქით, ეს პროცესი შემავსებელი იქნება შუა დერეფნის და არ მოვა კონკურენციაში საქართველოსთან და საქართველოს საგზაო კვანძთან. მარტივად რომ ვთქვათ, ს, დინერლანდებსა და გერმანიას საერთო ზღვაში აქვთ პორტები. აზიური ტვირთები, რომლებიც ამერიკის პორტებისკენ მიემართებიან ამ პორტების მეშვეობით, მათ შორის, ცნობილია ბრიუგეს პორტიც. ერთი შეხედვით, ეს პორტები ერთმანეთთან კონკურენციაში ნამდვილად არიან, რადგან საერთო ზღვაში უწევთ ტვირთების მომსახურება, თუმცა, პირიქით, ისინი ერთმანეთს ავსენებ, რადგან ჩინეთს, იაპონიასა და ზოგადად, აზიურ ვეფხვებს, ასევე, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიას, ინდონეზიას თუ ავიღებთ, ეს არის ტვირთების წარმომქმნელი კიდევ უფრო პერსპექტიული რეგიონი. შესაბამისად, ტვირთები იმაზე მეტი იქნება, ვიდრე საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთად გაუმკლავდებიან”,- ამბობს მაღრაძე.
მაღრაძე მიიჩნევს, რომ ახალ სავაჭრო დერეფანში განაკუთრებული როლი თბილისმა უნდა ითამაშოს, რაც პირველ რიგში, ფუნქციონალური საფონდო ბაზრის არსებობას მოითხოვს – თუმცა დღეს ასეთი ბაზარი საქართველოში უბრალოდ არ არის.
,,აქ ერთი მთავარი რამ არის დასაზუსტებელი – დერეფანს ტვირთები კი არ ამუშავებს, დერეფანს ეკონომიკა ტვირთავს. შესაბამისად, ეკონომიკური წესრიგი არის როგორც ტვირთების მყიდველებისთვის, ასევე, მიმწოდებლებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ანუ რკინიგზის რელსმა ან პორტის ბაქანმა კი არ უნდა მოიზიდოს ტვირთები, ტვირთები უნდა მოიზიდოს ეკონომიკამ. ეკონომიკა ევროპას აქვს დამოუკიდებელი, საბაზრო, ჰორიზონტალური, თავისუფალი. შესაბამისად, ევროპელი მყიდველები უფრო მარტივად ადაპტირდებიან ისეთ ბაზარზე, სადაც შეძლებენ თავისუფლად, კონკურენტულ გარემოში ოპერირებას. ვინ უნდა შექმნას ეს კონკურენტული გარემო? რა თქმა უნდა, ლოკომოტივის ფუნქცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში თბილისს ეკისრება და ეს არის პირველ რიგში, საფონდო ბაზრის მოწყობა და ამის შემდეგ უკვე თავისთავად დალაგდება ყველაფერი ქვეყნებს შორისაც, რეგიონის შიგნითაც, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის ინვესტიციების მოზდივის კუთხითაც და ყველა რიგი საკითხი, რაც აბრეშუმის გზას სჭირდება. თუმცა, გვაქვს საფონდო ბირჟა? არა!”,- აღნიშნა მაღრაძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში.