ლოგისტიკის ინდექსში საქართველო 138 სახელმწიფოს შორის 108–ე ადგილზეა. ქვეყნის ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას მსხვილი ინვესტიციების დეფიციტი აბრკოლებს – TCRC
ქვეყნის ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას მსხვილი ინვესტიციების დეფიციტი აბრკოლებს – ამ სახელწოდებით კვლევას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი TCRC აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მსხვილი რეგიონული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გარეშე, ახლო მომავალში საქართველოს ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბება არარეალურ ამოცანას წარმოადგენს.
„მსოფლიო ბანკის 2023 წლის კვლევის თანახმად, ლოგისტიკის ინდექსში გაერთიანებული, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განმსაზღვრელი ქვეკომპონენტის მიხედვით, საქართველოს 138 სახელმწიფოს შორის 108–ე ადგილი უკავია.
ლოგისტიკის ინდექსის პოზიციონირების მიხედვით ცალსახაა, რომ საქართველო ჯერ კიდევ შორსაა რეგიონში ლოგისტიკური ჰაბის ადგილის დაკავებასთან.
შუა დერეფნის მიმზიდველობას ქვეყნის მასშტაბით მსხვილი სატრანსპორტო–ლოგისტიკური ცენტრების განთავსება და სატრანზიტო ტვირთების შემკრებ გამანაწილებელი ტერმინალების არსებობა განსაზღვრავს.
რეალურად, ქვეყანას გააჩნია „2023 – 2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სტრატეგია“ მაგრამ მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი არ შეიცავს არანაირ კონკრეტიკას, საქართველოში ლოგისტიკური ცენტრების ადგილმდებარეობის, სპეციფიკის და საინვესტიციო ტევადობის შესახებ. რაც აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტის ძირითად ნაკლს წარმოადგენს.
შედეგად, ქვეყანას რეგიონში ლოგისტიკურ ცენტრად გადაქცევის ამბიცია გააჩნია, მაგრამ დღემდე ფინანსურად ტევადი მსხვილი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა ვერ განუხორციელებია“, – აღნიშნულია კვლევაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ბოლო 2023 წლის კვლევის საფუძველზე 138 სახელმწიფოს შორის, საქართველო წარმოადგენს ნაწილობრივ ლოგისტიკური შესაძლებლობების მქონე ქვეყანას – მისი ინდექსი 2.7 ია, რაც, ბევრად ჩამორჩება გაუმჯობესებული შესაძლებლობების მქონე ქვეყნების (3.2 – 3.6) ინდექსებს. საქართველოს ინდექსი ვერ ჩაითვლება, რეგიონში ლოგისტიკური ჰაბის ამბიციის მქონე ქვეყნის დამაკმაყოფილებელ შედეგად. ამასთან, მათივე ინფორმაციით, საქართველო, ინფრასტრუქტურის ქვეკომპონენტით, ჩამორჩება რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანას, შედარებისათვის – თურქეთი – 43 ე საფეხური, სომხეთი – 76 ე საფეხური, ყაზახეთი და ტაჯიკეთი – მე 80 ე საფეხური, ბელარუსი და რუსეთი – 68 ე საფეხური, უზბეკეთი, ყირგიზეთი და უკრაინა – 89 ე საფეხური. ფაქტობრივად, ინფრასტრუქტურის მდგომარეობით საქართველოს მხოლოდ მოლდოვაზე უკეთესი (132 – ე საფეხური) პოზიცია გააჩნია – წერს TCRC ანგარიშში.
„ლოგისტიკის ინდექსის პოზიციონირების მიხედვით ცალსახაა, რომ საქართველო ჯერ კიდევ შორსაა რეგიონში ლოგისტიკური ჰაბის ადგილის დაკავებასთან. ერთ–ერთი მიზეზი, მსხვილ ლოგისტიკურ – ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფინანსური რესურსების – ინვესტიციების მოზიდვის ნაკლებობაა. გარკვეული მცდელობა ქვეყანაში მსხვილი ლოგისტიკური ობიექტების შექმნასთან დაკავშირებით არსებობდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დასკვნის სახით – მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული ამბიციური განაცხადისა, საქართველოს რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად გადაქცევის შესახებ, რამდენიმე წლის უკან თბილისის სიახლოვეს კუმისში და ქუთაისში დაანონსებული ფინანსურად ტევადი ლოგისტიკური ცენტრების პროექტების განხორციელება დღემდე ვერ მოხერხდა.
მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი „2023 – 2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სტრატეგია“ არ შეიცავს კონკრეტიკას, საქართველოში ლოგისტიკური ცენტრების ადგილმდებარეობის, სპეციფიკის და საინვესტიციო ტევადობის შესახებ. რაც აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტის ნაკლს წარმოადგენს. ფაქტობრივად სახელმწიფოს არ გააჩნია ლოგისტიკური ობიექტების განთავსების კონკრეტული გეგმა.
ქვეყანაში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის სისტემური ხედვის არ არსებობის გამო, კომპანიები შეზღუდული ფინანსური სახსრებით, 10 მლნ დოლარის ფარგლებში, თბილისის აგლომერაციაში მცირე სიმძლავრის ლოგისტიკური ცენტრების და სასაწყობო მეურნეობების ინფრასტრუქტურას ავითარებენ. როგორიცაა – თბილისის მშრალი ნავსადგური, თბილისის ლოგისტიკური ცენტრი, GDC Logistics ის სასაწყობე ფართობი, FedEX-ის ლოგისტიკური ცენტრი. რაც შუა დერეფნით მოზიდული ტვირთნაკადების მომსახურებისათვის არასაკმარისია.
მსხვილი რეგიონული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გარეშე, ახლო მომავალში საქართველოს ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბება არარეალურ ამოცანას წარმოადგენს.
მეზობელ ქვეყნებში ჩადებული საფინანსო რესურსების მოცულობები და განხორციელებული ლოგისტიკური პროექტები ნათლად მეტყველებს, რომ რეგიონში ლოგისტიკური ჰაბის დატვირთვის ფუნქციას აზერბაიჯანი და თურქეთი ითავსებს“, – აღნიშნავენ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში.
