ვარლამ გოლეთიანის თქმით, მიუხედავად დავით ხიდაშელის განცხადებისა, რომ ყიდის რაჭის ტყეებში სამონადირეო ლიცენზიას და მის მფლობელ კომპანიის, პროტესტი მაინც გაგრძელდება. გოლეთიანი, – მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი, – ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, აპროტესტებდა ხიდაშელისთვის ტყეების 49-წლიან გამოყენებაში გადაცემას.
როგორც გოლეთიანი აღნიშნავს, ხიდაშელის გასვლის მიუხედავად, პროტესტანტთა მთავარი მოთხოვნა – ლიცენზიის სრული გაუქმება – შესრულებული არაა.
„ლიცენზია არ უქმდება, მაგრამ პროტესტი რომ არ აგორდეს, საკვანძო მომენტების წინ, რომ ჩააცხრონ [პროტესტი], ამიტომ კეთდება ეს განცხადებები“, – აღნიშნავს იგი და ხაზს უსვამს, რომ პროტესტანტთა მიზანი არაა მიღწეული.
გარდა ამისა, გოლეთიანმა განაცხადა, რომ შაბათს, 18 ნოემბერს, მომიტინგეები ამბროლაურიდან ჯერ მცხეთის, შემდეგ კი თბილისის მიმართულებით დაიძრებიან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან კარვებს გაშლიან.
„ეშინიათ ჩვენი [თბილისში] გადმოსვლის. [..] შევუქმნით დისკომფორტს, სათამაშოდ კი არ ჩამოვდივართ [..] პროტესტი გაგრძელდება მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე“, – ამბობს იგი.
„კარგად იყვნენ უჩემოდ“ – ხიდაშელი რაჭის ტყეების ლიზენციას ყიდის
ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ყიდის რაჭის ტყეებში სამონადირეო ლიცენზიას და კომპანიას, რომელიც ლიცენზიას ფლობდა. ინფორმაციას ნეტგაზეთთან თავად ბიზნესმენი ადასტურებს.
ხიდაშელი მუქარად აფასებს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ ლიცენზიის გადახედვა განიხილება. კომპანიაში აცხადებენ, რომ საქმე არა მათი მხრიდან პირობების შეუსრულებლობაში, არამედ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებშია.
“სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა იმ პირობების შესრულებას, რომელიც არ იყო სათანადოდ გაწერილი და თავად სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს. გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 20 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიის “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, კომპანიამ დაარღვია პირობა, რაც მისი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმის შედგენას და ამ გეგმის სახელმწიფოსთვის წარდგენას ითვალისწინებდა”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც დავით ხიდაშელი ადასტურებს, რაჭის ტყეებში სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაუგებრობებისა და მომდევნო სასამართლო პროცესების აცილების, ასევე რეპუტაციის შელახვის გამო გაყიდა. ხელშეკრულება გაფორმების პროცესშია. Მომდევნო კვირაში კი ცნობილი გახდება, რომ “რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; ასევე გახდება მეწილე სხვა ქართული კომპანიაც”, – ავრცელებს ინფორმაციას ხიდაშელი.
“თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ. სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის და დრო აჩვენებს ყველას, რომ არც კრემლთან და არც ქართულ ოცნებასთან არ ვარ დაახლოებული”, – აცხადებს ხიდაშელი ნეტგაზეთთან მიმოწერაში.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. უწყებაში აცხადებენ, რომ არც ხიდაშელს, არც მის კომპანიას სამინისტროსთვის არ მიუმართავს და მისი გეგმების შესახებ ინფორმირებული არ არიან.