ლიტერატურული კონკურსი, მაჩაბელი 2024 პროტესტის ნიშნად ჟიურის სამმა წევრმა დატოვა

გუშინ, 18 ივლისს, ქალაქ გორში გამართული ლიტერატურული კონკურსი, მაჩაბელი პროტესტის ნიშნად სამმა ჟიურის წევრმა დატოვა.
მათი თქმით, ამის მიზეზი ჟიურის ერთ-ერთი წევრის, იოსებ ჭუმბურიძის მიკერძოებული დამოკიდებულება გახდა კონკურსის მონაწილის, ნინიკო მშვიდობაძის მიმართ.
ჟიურის ერთ-ერთი წევრის, თამარ გელიტაშვილის თქმით, მათ დაჯილდოების წინ გაიგეს, როგორ დაწესდა ნინიკო მშვიდობაძისთვის “განსაკუთრებული პრიზი”, რასაც ჟიურის სამი წევრისგან [თამარ გელიტაშვილი, თათია მთვარელიძე და ნინა სადღობელაშვილი] პროტესტი და კონკურსის დატოვება მოჰყვა.
“ახლა დაიწყო ღონინსძიება და ახლა დავტოვეთ ჟიურის სამმა წევრმა [მე, თათია თვარელიძემ და ნინა სადღობელაშვილმა] კონკურსი პროტესტის ნიშნად იმიტომ, რომ ერთი კაცის გადაწყვეტილებაზე აეგო ყველაფერი.
სოსო ჭუმბურიძეს უნდოდა, რომ პოეზიაში გაემარჯვებინა ნინიკო მშვიდობაძეს, რისიც ძალიან წინააღმდეგი ვიყავით იმიტომ, რომ კონკურსს მიღმა დარჩნენ გაცილებით ღირსეული ადამიანები და ჩვენთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო, რომ დაჯილდოების წინ გავიგეთ, როგორ დააწესეს ნინიკო მშვიდობაძისთვის განსაკუთრებული პრიზი – ამით საერთოდ დასამარდა მაჩაბელი.
მე იცით, რომ ვმუშაობ გორის უნივერსიტეტში და ხვალიდან საერთოდ რომ გამიშვან სამსახურიდან, მე მაქვს ჩემი ღირსება და ამ ღირსებას ვერ გადავლახავ – აი, ასეთი დილემის წინაშე დაგვაყენეს და ასეთი შეურაცხყოფილები ვართ ყველა”. – თქვა თამარ გელიტაშვილმა ვიდეოში, რომელიც მან გუშინ, 18 ივლისს სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ჟიურის პროტესტს ნინიკო მშვიდობაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მისი თქმით, თამარ გელიტაშვილმა, ჟურნალი ცისკარი უნდა დატოვოს, ხოლო ნინია სადღობელაშვილმა კულტურის სამინინსტროს დაფინანსებულ ყველა კონკურსის ჟიურის წევრობაზე თქვას უარი.
“ეი თქვენ მანდ, ორ სკამზე მჯდომარეთა კასტავ, მაჩაბლის საკმაოდ პრესტიჟულ ლიტერატურულ კონკურსს თქვენი პროტესტით არაფერი დააკლდება, აი, გორის უნივერსიტეტიდან კი რაც მალე წავა გოიმი “ლექტორი”, მით უკეთესი უნივერსიტეტისთვის.
ჟურნალი “ცისკარიც’ უნდა დატოვოს ახლა თამარ გელიტაშვილმა, რადგან ეს ჟურნალი სამინისტროსგან ფინანსდება.
ნინია სადღობელაშვილმა ხელისუფლებისა და სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ყველა კონკურსის ჟიურის წევრობაზე უნდა თქვას უარი, უარი უნდა უთხრას სამინისტროს თავისი პიესების დადგმის ხელშეწყობისთვის. ზუსტად ასევე უნდა თქვას უარი პრემია “ანაზე” მარიამ წიკლაურმა”. – წერს მშვიდობაძე სოციალურ ქსელში
თავად იოსებ ჭუმბურიძის თქმით, ნინიკო მშვიდობაძეზე დაწესებული “სპეციალური პრიზი” დამფუძნებლის უფლება და პრეროგატივა იყო, ხოლო დანარჩენ ჟიურის წევრებს აღნიშნულ საკითხთან შეხება არ ჰქონიათ.
“ფესტივალის დამფუძნებლის პრიზი გადაეცა თურქულ ენაზე „დათა თუთაშხიას” მთარგმნელს ჰარუმ ჩიმქეს, ხოლო სპეციალური პრიზი – პოეტ ნინიკო მშვიდობაძეს.
ბოლო ორი პრიზის გაცემა იყო დამფუძნებლის უფლება და პრეროგატივა და ჟიურის წევრებს ამ საკითხთან შეხება არ ჰქონიათ.
აქედან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია, რა გააპროტესტა ჟიურის სამმა წევრმა.
ეს არა მხოლოდ გაუგებარია, უკიდურესად კომიკურიც
ეს არის სიმართლე ფესტივალისა და ლიტერატურული კონკურსის – მაჩაბელის შესახებ.
ყველაფერი დანარჩენი კი ორღობის ჭორებია”. – წერს იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში.