„ლიონში“ გიორგი მიქაუტაძის დებიუტი რთული გამოდგა – footmercato

ფრანგულმა გამოცემამ footmercato-მ „ლიონის“ ახალწვეულ გიორგი მიქაუტაძეზე სტატია გამოაქვეყნა და მის დებიუტს „რთული დასაწყისი“ უწოდა.
„ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „ლიონის“ მთავარმა ახალწვეულმა, გიორგი მიქაუტაძემ სეზონი მძიმედ დაიწყო. „სტრასბურთან“ მატჩში ქართველმა თავდამსხმელმა გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოიყენა და მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟმა იგი შეცვლა, შეცვლაზე შესულმა გიფტ ორბანმა კი დუბლი შეასრულა, რომელმაც გუნდს გამარჯვება მოუტანა (4:3).
მიქაუტაძის „ლიონში“ დაბრუნება სასიამოვნო ისტორიაა, რომელმაც გუნდის გულშემატკივრებში დადებითი ემოციები გამოიწვია. კლუბის აღზრდილმა ლიონელმა ქართველმა ამ ზაფხულს არჩევანი გულის კარნახით გააკეთა. მას რამდენიმე ევროპული კლუბი აკვირდებოდა, მათ შორის „მონაკო“, მაგრამ „მეცის“ ყოფილმა მოთამაშემ საბოლოოდ მშობლიური „ლიონი“ ამჯობინა. მისმა ტარნსფერმა ფანებში დიდი მოლოდინი გააჩინა. იმედოვნებდნენ, რომ შეტევაში ალექსანდრ ლაკაზეტთან საინტერესო დუეტი შექმნიდა, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო.
საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში „რენთან“ მატჩი ლაკაზეტმა გამოტოვა (ოლიმპიადის შემდეგ დასვენება სჭირდებოდა), მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, კარგადაც ითამაშა, მაგრამ გუნდს მარცხი ვერ აარიდა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი პენალტიც ვერ გაიტანა, რამაც მატჩის შედეგზე გავლენა მოახდინა.
„მონაკოსთან“ ლაკაზეტი დაბრუნდა და ქართველი სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ ერნესტ ნუამამ ტრავმა მიიღო და საჟმა მოედანზე მიქაუტაძე შეუშვა. თუმცა, გუნდის მსგავსად, გიორგიმაც ვერაფერი მოახერხა. მწვრნელმა ახსნა ამასაც მოუძება, განაცხადა, რომ მიქაუტაძე „ლიონს“ დაგვიანებით შეუერთდა და ფორმაში მალე შევიდოდა.
„სტრასბურთან“ შეტევაში ალექსანდრე ლაკაზეტთან ერთად ქართველი ბომბარდირი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ ეს დუეტი კვლავ უფერულად გამოიყურებოდა, ხოლო მათი შემცვლელების, მალიკ ფოფანასა და გიფტ ორბანის წყალობით, „ლიონმა“ სამი გოლი გაიტანა და დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა.
ნიგერიელ და ქართველ თავდამსხმელებს შორის შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლა სავარაუდოდ, უახლოეს ტურებში კვლავ გაგრძელდება. ასეთ ვითარებაში მცირე წარმატებასაც შეუძლია ყველაფრის შეცვლა. ამასობაში, „ლანსთან“ მატჩამდე (14 სექტემბერი) გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში გაემგზავრა, სადაც შეეცდება გოლები გაიტანოს და გუნდს კარგ განწობაზე დაბრუნდეს“, – წერს footmercato.
1tv.ge