ლილუაშვილის ნათესავის საქმის ყველა ფიგურანტს პატიმრობა შეეფარდა

გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ბიჭიკო პაიკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს დაუსწრებლად. პაიკიძე საქართველოში არ იმყოფება.
აღკვეთის სახით მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პატიმრობა შეეფარდა ამავე ტენდერის საქმეზე დაკავებულ კიდევ 5 პირს.
საქმის ფიგურანტები არიან:
· ბიჭიკო პაიკიძე [არაა დაკავებული], B.P. TRANS-ის 100%-იანი წილის მფლობელი.
· როინ ფოფხაძე [ზედამხედველობის ჯგუფი]
· ირაკლი გალოგრე [საინჟინრო ჯგუფი]
· იოსებ ჭანჭალეიშვილი [კომპანიის თანამშრომელი]
· ვალერიან კვარაცხელია [კომპანიის გენერალური დირექტორი]
· გიორგი კვახაძე [ტექნიკური ჯგუფი]
25 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავსა და ვანში საკრებულოს მოქმედ წევრს “ქართული ოცნებიდან” ბრალი წაუყენეს სახელმწიფოს მიერ კუთვნილი თანხების დაუფლების ბრალდებით.
2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით კომპანია „ბი პი ტრანსის“ დირექტორი ვალერიან კვარაცხელია დააკავეს.
ასევე, ბრალი წაუყენეს კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკაძეს. პაიკაძე ამავე კომპანიის ყოფილი დირექტორია. ის წილის 100 პროცენტს ფლობს. სხვა პირებს თაღლითობაში დახმარება ედებათ ბრალად. ბიჭიკო პაიკიძეს ედება ბრალი თაღლითობაში, ყალბი დოკუმენტების მომზადებაში, რაშიც ეხმარებოდნენ დანარჩენი ბრალდებულები.
პროკურატურის თანახმად, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენაზე მუშაობისას 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრამდე სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 მილიონი ლარი იქნა მითვისებული.
“რაჭაში ლიცენზირებული და არალიზენცირებული კარიერები არ იყო და ქვა-ღორღი უნდა მოეტანათ ტყიბულიდან და სხვა მუნიციპალიტეტებიდან, 125 კილომეტრიდან. დაკორექტირდა ტენდერის ხარჯთაღრიცხვა და კუბური მეტრის მოპოვება გაიზარდა 71 ლარით. ამასობაში გაიხსნა რაჭაში ლიცენზირებული კარიერი. რატომ გადაიხდიდა მეტს შპს, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული?
საქმე თაღლითობასთან კი არ გვაქვს, ეკონომიასთან გვაქვს, რაც გააკეთა მეწარმემ თავისი და საწარმოს გამდიდრების მიზნით.
ბრალის ფორმულირება საერთოდ არასწორია”, – განაცხადა თამაზ კვახაძემ გიორგი კვახაძის ადვოკატმა.
“იოსებ ჭანჭალეიშვილს ფინანსური დოკუმენტების მომზადებასთან შეხება არ ჰქონია. მასთან ეს დოკუმენტები, დოკუმენტების სხვა პაკეტთან ერთად, შედიოდა მზა სახით. ძალიან მძიმე მდგომარეობაში და მძიმე დიაგნოზით არიან მშობლები. ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი. არსებული ვითარების გათვალისწინებით, უპრიანია გამოყენებულ იქნას გირაო 5000 ლარის ოდენობით ასევე ელექტრონული მონიტორინგი”, – განაცხადა შოთა მანველიძემ, ჭანჭალეიშვილის ადვოკატმა.
“65 წლის კაცია, შვილების, შვილიშვილების პატრონია, საქართველოს გარდა არსად არაფერი აკავშირებს. მას შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი ევალებოდა და არა ფინანსური დოკუმენტაციის. გთავაზობთ გირაოს, 5000 ლარის ოდენობით, დამატებით ვალდებულებებთან ერთად”, – განაცხადა ვარლამ (ვაკო) მაჭარაშვილმა, ფოფხაძის ადვოკატმა.
ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პასპორტი გაუუქმეს.
ირმა ჭკადუა [ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატი]: “არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არანაირი საფუძველი. გამოძიების დაწყებამდე და მას მერეც მიმდინარეობდა მიყურადება და თვალთვალი. მას არაფორმალური გზებით საზღვრის გადაკვეთა არ უცდია. გადამოწმება პრობლემას არ წარმოადგენს, რომ მასა და ოჯახის წევრებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ და არაერთხელ არის გადასული თურქეთში.
მივიდნენ მეუღლესთან ბრალის წარდგენამდე 2 საათით ადრე და უთხრეს, რომ ორ საათში უნდა გამოცხადებულიყო საგამოძიებო ორგანოში, როცა იცოდნენ, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა.
მიიღეს უკანონო გადაწყვეტილება და გაუუქმეს პასპორტი. ის დღესაც ვერ ბრუნდება საქართველოში ამის გამო. აქედანაც ჩანს ბრალდების ინტერესი. გუშინ, მინიმალურ თანხებზე 2010-2012 წლების საქმეებზე წაუყენეს კიდევ ბრალი. რატომ?
ს ტრაგედიის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები სწორედ პაიკიძემ და მისმა კომპანიამ გააკეთეს. სხვათა შორის, უსასყიდლოდ. არცერთ მაკონტროლებელ ორგანოს ხარისხთან დაკავშირებით პრობლემა არ გააჩნია.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობს. ალტერნატივად გთავაზობთ 100 000 ლარს და პირველ რიგში, აღუდგინონ პასპორტი.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი: ბრალდების მხარე საქმის კურსში ხართ, რომ დაბრუნება უნდა და პასპორტი არ აქვს?
პროკურორი ბექა ხუნაშვილი: სიცრუეა. ანტიკორუფციულის [სუს] მიერ არის გაუქმებული. ჩვენი ინფორმაციით, მეუღლეს გადაჰქონდა მისი პასპორტი თურქეთში, რომ ის მერე ესპანეთში ან პორტუგალიაში გადასულიყო.
ირმა ჭკადუა: რას ბედავთ საერთოდ? მეუღლეს რომ შეუზღუდეთ გადაადგილება და ავადმყოფი ბავშვი ვერ გადაიყვანა თურქეთში, ესეც კანონიერია?!
შემდეგი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება. ყველა ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე.