ლილოში, 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი ამდენ უბედურებას არ ჩაიდენდა და ასე არ გაიმეტებდა ადამიანს, რომელთანაც რაღაც აკავშირებდა

ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი ამდენ უბედურებას არ ჩაიდენდა და ასე არ გაიმეტებდა ადამიანს, რომელთანაც რაღაც აკავშირებდა, – ამის შესახებ 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ოთარ ცინდელიანის ადვოკატმა, კლარა შუკვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ეს ჯანსაღი ფსიქიკის მქონე პირის ჩადენილი არ არის, ამიტომ, მისი განმარტებით, ელოდებიან ალტერნატიული ექსპერტიზის პასუხს, რითაც დადგინდება ოთარ ცინდელიანის შეურაცხადობა ან შერაცხადობა.
„რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, ის ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანის ჩადენილი არ არის. ექსპერტიზამ (შეურაცხადობა) არ დაადასტურა, მაგრამ გვაქვს ალტერნატიული ექსპერტიზის უფლება და ველოდებით პასუხებს. ნამდვილად, ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი ამდენ უბედურებას არ ჩაიდენდა და ასე არ გაიმეტებდა ადამიანს, რომელთანაც რაღაც აკავშირებდა. (ბრალდებული) ჩვენთან საუბარში, სამწუხაროდ, არაფერს ამბობს, არაფერი ახსოვს. რა მოხდა, ვერ მეუბნება იმიტომ, რომ არ ახსოვს, რას სჩადიოდა. არ იცის. როდესაც ის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იყო გადაყვანილი, არ დაუმალავს და მოყვა, რომ საუბედუროდ, 14 წლიდან არის ნარკოტიკების მომხმარებელი. ბოლო პერიოდში მთლიანი ფირფიტაც არ ჰყოფნიდა. საავადმყოფოდან გამოვიხმეთ ისტორია, ირკვევა, რომ ოჯახის წევრები მას მკურნალობდნენ. ოთარ ცინდელიანს ტვინის ნახევარი სფერო დაზიანებული აქვს. მას ესპანეთშიც მკურნალობდა დედამისი, მაგრამ იქ მკურნალობა ვერ გააგრძელეს, რადგან დეპორტი გაუკეთეს.
ობიექტურობა უნდა დადგინდეს. ჩვენი მისია ეს არის. ხელს არ ვაფარებთ, სამართალმა უნდა იზეიმოს“, – განაცხადა კლარა შუკვანმა.
ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია. ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.
ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.
ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ყველაზე აქტიურები ბალტიისპირელები არიან – მათი მიზნები გასაგებია, ურჩევნიათ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებული იყოს და რუსეთის აგრესია მათზე არ წავიდეს – ეს უკვე იშიფრება და ამაზე საჭიროა ღიად საუბარი!