ლილი კოლინსის ბოლო გამოჩენამ საზოგადოებაში უამრავი კითხვა გააჩინა. ბევრი გულშემატკივარი ღიად გამოხატავს შეშფოთებას მისი წონაში საგრძნობლად კლების გამო.
ლილი კოლინსი პოპულარული ინგლისელი და ამერიკელი მსახიობია, რომელიც მუდმივად რჩება ყურადღების ცენტრში, როგორც თავისი პროფესიული კარიერით, ასევე დახვეწილი ჩაცმის სტილითა და სილამაზით. ფართო აღიარება მან 2012 წლის ფილმით “Mirror Mirror” მოიპოვა, რის შემდეგაც ხშირად ადარებენ ჰოლივუდის ლეგენდას – ოდრი ჰეპბერნს. ლილის როლმა, Netflix-ის სერიალში “Emily in Paris” მსოფლიო პოპულარობა მოუტანა.
თუმცა, მისმა ბოლო გამოჩენამ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, ყურადღება მოდისგან წონაზე გადაიტანა. ლილი მსახიობია, რომელმაც წარსულში საჯაროდ ისაუბრა კვებით აშლილობაზე, რომელიც კვლავ შეშფოთების საგნად იქცა.
ლილი კოლინსი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე და გახდა Calvin Klein-ის 2025 წლის შემოდგომის კოლექციის ერთ-ერთი სახე. მან მოირგო კაბა, თხელი ბრეტელებიანი ტოპი და ქვედაბოლო, რომელიც შექმნილია მბზინავი მასალით. მსახიობი ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება, მაგრამ ამჯერად, მისი მკვეთრი წონაში კლება საზოგადოების ყურადღებას არ გამოჰპარვია.
მას შემდეგ, რაც ლილიმ კვებით აშლილობაზე ღიად ისაუბრა, ფანები მისი სიგამხდრით შეშფოთდნენ, უამრავი კომენტარი იწერებოდა: “ლილი ლამაზი და ჭკვიანია, მაგრამ ამ შემთხვევაში ზედმეტად გამხდარია, თითქმის ანორექსიულად… იმედი მაქვს კარგადაა” , “პირი ღია დამრჩა… იმედი მაქვს კარგადაა” – აღნიშნავდნენ გულშემატკივრები.
ანორექსია, არის ნევროზული დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი ფოკუსირებულია წონასა და კვებაზე. ეს მდგომარეობა ხშირად გამომდინარეობს მახინჯი სხეულის აღქმიდან და წონაში მომატების ძლიერი შიშისგან. ამ აშლილობის მქონე ადამიანები ცდილობენ, რომ სხეულის წონა საშუალოზე დაბალ დონეზე შეინარჩუნონ – ხშირად შიმშილის გზით.
ლილი კოლინსმა, რომელიც თავად ებრძოდა ანორექსიას, 2017 წელს Netflix-ის ფილმში “To The Bone” შეასრულა ახალგაზრდა გოგონას როლი, რომელიც ანორექსიით არის დაავადებული. ფილმისთვის ლილიმ საგრძნობლად დაიკლო წონაში, რაც მისთვის სახიფათო იყო, რადგან უკვე ჰქონდა მსგავსი გამოცდილება წარსულში. მიუხედავად ამისა, მან როლის შესრულება არჩია, რათა საზოგადოების ცნობიერება გაეზარდა და თვითონაც უკეთ გაეგო ეს მდგომარეობა.
Harper’s Bazaar-თან საუბრისას ლილიმ საკუთარ გამოცდილებაზე და ფილმში მონაწილეობაზე ისაუბრა.
„მე იმ დონემდე არასდროს მივსულვარ, რომ საავადმყოფოში მოვხვედრილიყავი ან მედიკამენტური მკურნალობა დამჭირვებოდა. ეს როლი დავინახე, როგორც შესაძლებლობა, უკეთ გამეაზრებინა ჩემი მდგომარეობა. მართალია, ვნერვიულობდი, მაგრამ ამავდროულად ვხარობდი, რომ ბოლოს და ბოლოს საკუთარი ისტორია უნდა მომეყოლა პერსონაჟის მეშვეობით და ამავდროულად მომეხსნა შინაგანი ტვირთი” – ამბობს ლილი.
როდესაც მას ჰკითხეს, რა გახდა ანორექსიის გამომწვევი ფაქტორი, ლილიმ გაამხილა, რომ ახალგაზრდობაში ჰქონდა იდეალიზებული წარმოდგენა სრულყოფილებაზე – ისეთი, როგორიც მედია გვიჩვენებს. ფიქრობდა, რომ სხეულის ფორმა წარმატებასთან იყო დაკავშირებული. სკოლაში, როდესაც ბევრი რამ მის ცხოვრებაში კონტროლს გასცდა, მან გადაწყვიტა, საკუთარი გარეგნობა და კვება მაინც ემართა.
„მოზარდობაში მინდოდა მიმეღწია იმ სრულყოფილებისთვის, რაც მედიის გავლენით მქონდა წარმოდგენილი. მეგონა, რომ სხეულის ფორმა ამ სრულყოფილებასთან იყო დაკავშირებული. სკოლის პერიოდში თავს უმართავად ვგრძნობდი, ამიტომ გადავწყვიტე კვება გამეკონტროლებინა” – ამბობს ლილი.
ამავე ინტერვიუში ლილიმ ასევე განაცხადა, რომ ასაკის მატებასთან ერთად გააცნობიერა, რომ სრულყოფილება არ არსებობს. მან გაიაზრა, რომ ერთ დღეს სურდა საკუთარი ოჯახი ჰყოლოდა და აღიარა, რომ “სნეულ მდგომარეობაში” ყოფნა ხელს უშლის დედობაშიც. ამიტომაც მან გაბედულად დაიწყო გამოჯანმრთელების გზაზე დადგომა.
