აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია “ლილთე” რებრენდინგის პროცესშია და მომავალი წლიდან საკუთარი ვებგვერდის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ანანო ეზიეშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ “ლილთეს” პროდუქციის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება.
“წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები, დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა. ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი კი ჩვენი შარფებია. აქტიურად ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი გაყიდვები და ელ. კომერციულ პლატფორმებზე გამოვჩნდეთ. აღნიშნულთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ.
მაქვს მოლოდინი, რომ სარეალიზაციო არხების გაფართოების შემდეგ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. მაგალითად, მას შემდეგ რაც VELI STORE-ზე გამოვჩნდით, კომპანიის გაყიდვები 15%-ით გაიზარდა. შესაბამისად, მოთხოვნის ზრდას აქტიურად ველოდები”, – აცხადებს ანანო ეზიეშვილი.
აღნიშნული გეგმების გარდა, “ლილთე” მომხმარებლებს საახალწლო ლიმიტირებულ კოლექციას სთავაზობს, რომელიც სუფრებს, რანერებსა და ხელსახოცებს მოიცავს.
ანანო ეზიეშვილის თქმით, კომპანიის მომხმარებლების კორპორატიული სეგმენტი 40%-ს შეადგენს, ხოლო ინდივიდუალური, საცალო მომხმარებლები 60%-ს.
კომპანიის დამფუძნებელმა ადგილობრივ ბაზარზე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ხარისხიანი ნაჭრის შოვნა რთულია.
“მომწოდებლებიდან გამომდინარე, ხშირად ვადებში ვიჭედებით. ასევე, პრობლემაა იმ ხარისხის ნაჭრის შოვნა, რაც ჩვენ გვჭირდება. უმეტეს შემთხვევაში ნედლეულს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ, თუმცა ხანდახან გვიწევს თურქეთიდან შემოტანა”, – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
წყარო: ბიზნესპარტნიორი




