ლიკა ბაციკაძე: ობიექტური დასკვნის გაკეთებას არ სჭირდება დიდი ფილოსოფია ან სტანდარტებში ფსევდოჩაკირკიტება. ეს ნებისა და გამბედაობის ამბავია

“დემონსტრანტებზე ძალადობას ჰქონდა სისტემური წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის ფორმა.
დაკავებულ, მიკროავტობუსებში მოთავსებულ ადამიანებზე სისტემატურად ძალადობდნენ ორგანიზებული ფორმით. მათ მიმართ მოპყრობის ინტენსივობაზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ამ ადამიანებს, გარდა იმისა, რომ ურტყამდნენ დაუნდობლად, აშიშვლებდნენ, ამცირებდნენ, უსვამდნენ უხამს შეკითხვებს, ართმევდნენ მობილურებს, ტანსაცმელსა და პირად ნივთებს, უღებდნენ ფოტოებს და აშინებდნენ მასალის გავრცელებით, დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდათ სამედიცინო დახმარების გარეშე ხელბორკილებით, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, რიგ შემთხვევებში ,,ლიკვიდაციით” და ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორებითაც კი. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამავე მიკროავტობუსებში, როცა ბევრი დაკავებული პირი ერთად იყო მოთავსებული, კეტავდნენ კარ-ფანჯრებს და შიგნით უშვებდნენ მხუთავ საშუალებებს. მაშინ, როდესაც დახურულ სივრცეში უკვე შეყვანილია ხელბორკილიანი პირი და მისი გაქცევისა თუ ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა ფაქტობრივად არ არსებობს, სპეციალური საშუალებების გამოყენება გაუმართლებელია. დასჯის მიზნით ამ მეთოდის გამოყენება წამებას უტოლდება.
ძალადობა, რომელიც ხდება პოლიციის სატრანსპორტო საშუალებებში ან დაწესებულებებში, პოლიციის ექსკლუზიური კონტროლის ქვეშ და თან ახლავს ზემდგომის მიერ ძალადობის შემთხვევის მეთვალყურეობა უმოქმედების რეჟიმში, ან უარეს შემთხვევაში მისივე ბრძანებით ან უშუალო ჩართულობით, არის არა სპონტანური, არამედ, წინასწარგანზრახული და ორგანიზებული.
და საერთოდ, ხელის გულზე დევს ყველაფერი. საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახა როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ე.წ სამართალდამცავები ადამიანებს.
ასე რომ, ობიექტური დასკვნის გაკეთებას არ სჭირდება დიდი ფილოსოფია ან სტანდარტებში ფსევდოჩაკირკიტება. ეს ნებისა და გამბედაობის ამბავია.
აღნიშნულ საკითხებზე შეულამაზებლად, ხმამაღლა საუბარი პირველ რიგში ადამიანის უფლებების დამცველი ორგანოს წარმომადგენლის/წარმომადგენლების პირდაპირი ვალდებულებაა.
და ბოლოს, სადაც არ უნდა ვმუშაობდე მომავალშიც, ვერავინ შეძლებს მაიძულოს ვიმოქმედო ჩემი პრინციპების, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რწმენისა და პროფესიული ვალდებულების გვერდის ავლით. ასეთი ვიყავი, ვარ და ვიქნები,” – წერს სოციალურ ქსელში იურისტი