ლიეტუვის NGO-ები პრეზიდენტის პროექტს, Lietuvos Galia-ს („ლიეტუვის ძალა“) ტოვებენ

ლიეტუვის არასამთავრობო ორგანიზაციები ტოვებენ პრეზიდენტ ნაუსედას პატრონაჟით შექმნილ პროექტს, რომლის სახელწოდებაა Lietuvos Galia („ლიეტუვის ძალა“). მათი განცხადებით, პოპულისტი კულტურის მინისტრის დანიშვნით, ქვეყანა ანტიდემოკრატიულ კურსს დაადგა.
„გრძელვადიან პერსპექტივაში, პირდაპირ უნგრეთის გზისკენ აღებულ კურსს ვხედავ“, – განუცხადა ლიეტუვის ტელე-რადიო მაუწყებელს (LRT) ეროვნული საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის დირექტორმა, იუდიტა აკრომიენემ.
პარალელურად, კულტურის სექტორში პროტესტი ფართოვდება – მას მხარდაჭერა ფერმერთა ასოციაციამაც გამოუცხადა, კვირას კი აქციები ვილნიუსსა და სხვა ქალაქებში იგეგმება.
„ვგრძნობთ, რომ ეს მხოლოდ კულტურის სექტორის საკითხი არ არის. საქმე მთლიანად სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას ეხება. ყველა ეს ქმედება დემოკრატიის დასუსტებისკენაა მიმართული“, – აღნიშნა აკრომიენემ.
პრეზიდენტის მხარდაჭერილი პროექტიდან გასვლის შესახებ განცხადება „ლიეტუვის ახალგაზრდულმა საბჭომაც“ გაავრცელა. მისი პრეზიდენტის, უმბერტას მასის თქმით, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ახალგაზრდებისთვის, რომელიც მათ ღირებულებებს წარმოაჩენს.
„ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. ვიმსჯელეთ, დავრჩენილიყავით თუ წავსულიყავით. ბოლოს, დავასკვენით, რომ ჩვენი ღირებულებებიდან გამომდინარე, უფრო ძლიერი ნაბიჯი იქნებოდა, არ გავჩუმებულიყავით და ნათლად გვეთქვა, რომ ამჟამინდელი გარემოებები თანხვედრაში არ არის პროექტში მონაწილეობასთან, რომელიც სამოქალაქო ჩართულობის წახალისებას ისახავს მიზნად“, – აღნიშნა მან.
ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორის, ნერია პუტინაიტეს შეფასებით, არასამთავრობო სექტორის სოლიდარობა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტებს აძლევს.
„მათ შეუძლიათ პრეზიდენტზე გავლენის მოხდენა, რადგან ეს პროექტი ნაუსედასთვის მნიშვნელოვანია. ის საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც მორალურ ავტორიტეტს ლიეტუვაში, რომელიც მხარს უჭერს კულტურასაც და სხვა ღირებულებებსაც. ვფიქრობ, ამ ჯგუფს რეალური გავლენა აქვს პრეზიდენტზე“, – განაცხადა მან.
პუტინაიტემ დასძინა, რომ მომლაპარაკებელთა ჯგუფში მონაწილეობაზე უარით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, შესაძლოა, პრეზიდენტზე შემდგომი ზეწოლის სიგნალს იძლევიან.
„როგორც კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, საქმე ერთ პიროვნებას არ ეხება, არამედ პარტია „ნიამუნასის განთიადსა“ და მის მიერ კულტურის სამინისტროს ხელში ჩაგდებას. ეს ღირებულებითი პოზიციებია. ეჭვი მეპარება, რომ მომლაპარაკებელთა ჯგუფმა შეძლოს ასეთი პრობლემის მოგვარება“, – აღნიშნა ასოცირებულმა პროფესორმა.
ქვეყნის ახალმა მმართველმა კოალიციამ ლიეტუვის კულტურის სამინისტრო პარტია „ნიამუნასის განთიადს“ გადაეცა. ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მყისიერი პროტესტი მოჰყვა. არასამთავრობო სექტორმა შეშფოთება გამოთქვა ამ პარტიის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებების გამო, რომელიც მედიის დამოუკიდებლობასა და კულტურის პოლიტიკას შეეხებოდა.
PS. ლიეტუვის კულტურის მინისტრმა, იგნოტას ადამავიჩიუსმა, პარასკევს, სულ რაღაც ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობა დატოვა, რადგან მინისტრის პოსტზე მისმა დანიშვნამ უარყოფითი საზოგადოებრივი რეზონანსი და ქვეყნის კულტურული წრეების გაფიცვა გამოიწვია.