ლიეტუვის სეიმმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ინგა რუგინენეს კანდიდატურა დაამტკიცა

ლიეტუვის სეიმმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ინგა რუგინენეს კანდიდატურა დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT-ი ავრცელებს.
ლიეტუვის სეიმმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ინგა რუგინენეს კანდიდატურა მას შემდეგ დაამტკიცა, რაც გუშინ „სოციალ-დემოკრატებმა“ პარტია „ნემანის განთიადთან“ და „ლიეტუველი ფერმერების, მწვანეთა და ქრისტიანული ოჯახების კავშირის“ ფრაქციასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ინგა რუგინენეს კანდიდატურას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა 35-მა მისცა, ხოლო 14-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.
ოფიციალურად, რუგინენე პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ გახდება, რაც ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა პრემიერ-მინისტრის დანიშვნის შესახებ ბრძანებას გამოსცემს და რუგინენე სეიმში ფიცს დადებს.
რუგინენემ სეიმს მისი სამთავრობო პროგრამა 15 დღის განმავლობაში უნდა წარუდგინოს, ხოლო ლიეტუვის ახალი მთავრობა ოფიციალურად მუშაობას მას შემდეგ დაიწყებს, რაც სეიმი ახალ პროგრამას დაამტკიცებს.
სეიმში მიმდინარე კენჭისყრის პარალელურად ლიეტუვის პრეზიდენტის სასახლესთან და ქვეყნის პარლამენტთან საპროტესტო აქცია „სირცხვილის დღე“ მიმდინარეობს.
დემონსტრანტები პროტესტს გამოხატავენ იმის გამო, რომ „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ პოპულისტურ და ნაციონალისტურ პარტია „ნემანის განთიადთან“ კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ შეთანხმება გააფორმა.
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ „სოციალ-დემოკრატების“ გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა.
შეგახსენებთ, ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გინტაუტას პალუცკასისმა თანამდებობა მიმდინარე თვის დასაწყისში მას შემდეგ დატოვა, რაც ჟურნალისტების მიერ მისი საეჭვო ბიზნესკავშირების გამოვლენას ქვეყანაში სკანდალი მოჰყვა.