ლიეტუვის სეიმი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საპასუხო ზომები განიხილონ. ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის (სეიმი) მიერ “საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ” მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნული.
“[ლიეტუვის პარლამენტი] ღრმა შეშფოთებას გამოხატავს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივობების შეზღუდვას ისახავს მიზნად და შინაარსით უდრის რუსეთის ფედერაციის “უცხოური აგენტების კანონს” და არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს;
[ლიეტუვის პარლამენტი] მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება ქართული საზოგადოების მისწრაფებებს და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ქვეყნის მიერ გამოცხადებულ მიზნებს და შესაძლოა სერიოზული გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაციისა და დემოკრატიისთვის;
[ლიეტუვის პარლამენტი] მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს საზოგადოებისადმი მათი სამოქალაქო პოზიციისა თავისუფლად გამოხატვისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვაში;
[ლიეტუვის პარლამენტი] მკაცრად გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და დემონსტრაციის გამშუქებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას, ისევე როგორც ცილისწამების, დაშინებისა და პირდაპირი ფიზიკური ძალადობის ორგანიზებულ კამპანიებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ, ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ქმედებები, რომლებიც მშვიდობიანი შეკრებების და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას ისახავს მიზნად, არის მიუღებელი, განსაკუთრებით კი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში;
[ლიეტუვის პარლამენტი] გახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მმართველ უმრავლესობას მოუწევს ისეთ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს არღვევს და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის ჩამოთვლილ პოლიტიკურ კრიტერიუმებს არ შეესაბამება;
[ლიეტუვის პარლამენტი] საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მიღებული კანონი, უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, ხელი შეუწყოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, მასთან დიალოგში შევიდეს, ევროკავშირსა და ნატოში შემდგომი ინტეგრაციის შესახებ კონსტიტუციური ვალდებულება დაიცვას და საჭირო რეფორმები გააგრძელოს;
[ლიეტუვის პარლამენტი] ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს საპასუხო ზომების შესაძლებლობა განიხილონ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა უარყოფს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, გააგრძელებს ამ კანონის ჩანერგვას, და გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების დევნას,” – ნათქვამია რეზოლუციაში.