ლიეტუვის საელჩოს განმარტებით, ევროპარლამენტარები არ წარმოადგენენ წარმოშობის ქვეყნების პოზიციას

ლიეტუვის საელჩო საქართველოში განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მოწოდებას, რომ საქართველოს საგარეო უწყებამ ლიეტუვის ელჩი დაიბაროს და პასუხი მოსთხოვოს პეტრას აუსტრევიჩუსის (ლიეტუველი ევროპარლამენტარი პოლიტიკური ჯგუფიდან, „განაახლე ევროპა“) სიტყვით გამოსვლის გამო.
საელჩო განმარტავს, რომ ევროპარლამენტის წევრები გამოხატავენ თავიანთ პოზიციას და წარმოშობის ქვეყანასთან კოორდინაციით არ მოქმედებენ.
„ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს; შესაბამისად, ლიეტუვის საელჩოს არ შეუძლია კომენტარი გააკეთოს მსგავს განცხადებებზე“, – წერია საელჩოს განცხადებაში.
23 აპრილს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, რომელზეც საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „აგენტების კანონი“ განიხილეს, ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკომისიას მოუწოდა, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრანტებისადმი ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების გამო, სანქციები დაუწესდეთ საქართველოს -ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს.
2024 წლის აპრილში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების ნაწილი, რომლებიც უფლებების დარღვევას უჩივიან, მათ ადანაშაულებს ძალადობასა და მის ორგანიზებაში.
ამ განცხადების პასუხად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა მ ლიეტუვის ელჩის დაბარება მოითხოვა.
„მინდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, ლიეტუვის ელჩი დაიბაროს და კონკრეტულად მოსთხოვოს პასუხი იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რაც მათმა ევროპარლამენტარმა გააკეთა ჩვენი სამართალდამცავების მიმართულებით”, – თქვა ზარქუამ.
ევროკავშირის რეგულაციების თანახმად, ევროპარლამენტის წევრები დამოუკიდებლები არიან გადაწყვეტილების მიღებისას და არ ექვემდებარებიან წევრი სახელმწიფოების მითითებებს. ისინი ქმნიან ფრაქციებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. ეს განმარტება აგრეთვე განთავსებულია ვებსაიტზე NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა, რომელიც 2017 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება.
რადიო თავისუფლებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს მიმართა შეკითხვით, დეპუტატ ზარქუას მოწოდების შემდეგ, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ლიეტუვის საელჩოსთან? პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
25 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ლიეტუვის საელჩო გამოეხმაურა ე.წ. აგენტების კანონსაც. მისი შეფასებით, კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან.
„ამჟამად წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან. მოვლენების ასეთი განვითარება მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს როგორც ლიეტუვაში, ასევე ევროკავშირში“, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი” პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. „ქართული ოცნება” მის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის” მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.
სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.
„ქართულმა ოცნებამ” ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა კანონპროექტი გაეწვია.
„ქართული ოცნების” უმრავლესობამ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დააბრუნა 2024 წლის 3 აპრილს. წლევანდელს შარშანდლისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.