ლიეტუვის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩი დაიბარეს

მას შემდეგ რაც პარლამენტმა ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, ვილნიუსში, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს და დააფიქსირეს შეშფოთება თბილისში შექმნილი სიტუაციის გამო.
როგორც ლიეტუვის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ ღრმა მწუხარება გამოთქვეს “ქართული ოცნების” იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების აქტივობების შეზღუდვისკენ არის მიმართული.
“ეს ნაბიჯები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს”, – აცხადებს ლიეტუვის საგარეო უწყება და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კანონის მიღების პარალელურად საქართველოში ანტიდასავლურ პროპაგანდასაც ავრცელებენ და მასობრივ პროტესტებს აქტივისტების დაშინებისა კამპანიით და ძალადობით უპასუხეს.
“ლიეტუვა ღრმად შეშფოთებულია ამ პროცესებით და პარტნიორებთან ერთად განიხილავს შესაძლო კონტრზომებს საქართველოში. ლიეტუვა ხაზს უსვამს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის აუცილებლობას და კვლავაც უჭერს მხარს ქართული საზოგადოების სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოსაკენ’, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ