გამოძიების თანახმად, რომელის შედეგები საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრმა „სიენამ“ და Laisvės TV-მ ოთხშაბათს, 28 მაისს გამოაქვეყნეს, პრემიერ-მინისტრ გინტაუტას პალუკასის ნაწილობრივი საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ ლიეტუვის ეროვნული განვითარების ბანკიდან 200 000 ევროს ოდენობის შეღავათიანი სესხი მიიღო, მაშინ როდესაც ის უკვე მთავრობის მეთაურის პოსტს იკავებდა.
კომპანია „გარნისმა“ რომელიც ბატარეის სისტემების წარმოებას გეგმავს, თებერვლის დასაწყისში, „ილტე ბანკის“პროგრამა „სტარტუოკის“ ფარგლებში, მცირე და საშუალო სტარტაპებისთვის ხელმისაწვდომი მაქსიმალური სესხი მიიღო.
ბანკის კრიტერიუმების თანახმად, სესხის მისაღები განაცხადის შეტანისას, ფირმები კაპიტალის ადეკვატურობის ზღვარს უნდა აკმაყოფილებდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი კაპიტალი მთლიანი აქტივების მინიმუმ 10%-ს (სესხის ჩათვლით) უნდა შეადგენდეს. თუმცა, გამოძიებამ აჩვენა, რომ 2024 წლის შემოდგომაზე „გარნისის“ სააქციო კაპიტალი მხოლოდ 10 000 ევრო იყო. 28 დეკემბერს კომპანიის აქციონერებმა მისი 40 000 ევრომდე გაზრდა დაამტკიცეს და ეს არსებული საკუთრების პროპორციული ახალი აქციების გამოშვების საფუძველზე გააკეთეს.
აქციონერთა კრების ოქმი პალუკასის ოფიციალურ საჯარო განრიგში არ ასახულა.
თებერვალსა და მარტში პალუკასი მონაწილეობდა მთავრობის გადაწყვეტილებებში, რომლებიც „ილტე ბანკს“ ეხებოდა. ამ გადაწყვეტილებებს შორის შეიძლება დასახელდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ბანკების საქმიანობას არეგულირებს და ცენტრალური სამთავრობო დაწესებულებების, მათ შორის „ილტეს“, სესხების ლიმიტებს ამტკიცებს.
„ილტე ბანკი“მთლიანად ფინანსთა სამინისტროს საკუთრებაა და მისი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
პალუკასმა „სიენას“ და Laisvės TV-ს დაუდასტურა, რომ სესხის შესახებ იცოდა, მაგრამ რადგან კომპანიის საქმიანობაში უშუალოდ არ იყო ჩართული, ვერ ხედავდა რაიმე მიზეზს, რომ ბანკთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობისგან თავი აერიდებინა. მან ასევე უარყო შედეგზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა.
„მე გულწრფელად ვერ ვხედავ რაიმე პირდაპირ კავშირს კომპანიაში ჩემს მიერ დეკლარირებულ საქმიანობასა და საკანონმდებლო აქტების დამტკიცებას შორის. მათ ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ“, – განაცხადა პალუკასმა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის არის მინორიტარული აქციონერი და დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს კაპიტალის გაზრდას, რაც, მისი თქმით, აუცილებელი იყო „გარკვეული ბიზნეს-ოპერაციების“ განსახორციელებლად, მათ შორის – „ილტედან“ უფრო დიდი სესხის მისაღებად.
პალუკასის განცხადებით, სესხზე განაცხადი „გარნისმა“ 2024 წლის ზაფხულში შეიტანა, მაგრამ „ილტეს“ ჩანაწერები აჩვენებს, რომ განაცხადი 4 ნოემბერს, ანუ საპარლამენტო არჩევნებში „სოციალ-დემოკრატების“ გამარჯვების შემდეგ შევიდა, სესხი კი დეკემბრის შუა რიცხვებში დამტკიცდა. სასესხო ხელშეკრულება, საბოლოოდ, 2025 წლის თებერვალში გაფორმდა.
„ილტეს“ ცნობით, „გარნისმა“ სათანადოდ სააჯაროვა ინფორმაცია, რომ მისი ერთ-ერთი აქციონერი მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო.
„გარნისი“ 2024 წლის იანვარში დარეგისტრირდა, მისი აქციების 49%-ს პალუკასი ფლობს, 51%-ს კი მილაშაუსკასი. სახელმწიფო სოციალური დაზღვევის მონაცემებით, კომპანიაში ამჟამად ოთხი ადამიანია დასაქმებული და მას აღმასრულებელი დირექტორი, არტურას ლაპინსკასი ხელმძღვანელობს.
პალუკასი ასევე აკონტროლებს ელექტრონიკისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი ფირმა „ემუსის“ 51%-ს, ს, რომელიც 2010 წელს დაარსდა, მილაშაუსკასს კი დანარჩენი 49% ეკუთვნის.
წყარო: 1არხი
