პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეჭრას მკაცრად ვგმობთ, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის (ლუბლინის სამკუთხედი) საგარეო საქმეთა მინისტრები, კიასტუტის ბუდრისი, რადოსლავ სიკორსკი და ანდრეი სიბიგა ავრცელებენ.
„ეს იყო წინასწარგანზრახული და კოორდინირებული თავდასხმა, რაც უპრეცედენტო პროვოკაციასა და ესკალაციას წარმოადგენს. რუსეთის ქმედებები და ბელარუსის მიერ თავისი საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ნებართვის გაცემა რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ ერთობლივი კოორდინირებული საპასუხო რეაქციით შეიძლება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, „რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებების თავიდან ასაცილებლად საჰაერო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებს შორის უკეთესი კოორდინაციაა საჭირო“.
„პარტნიორებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ და ნატო-სა და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში ლიეტუვისა და პოლონეთის მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ. მხოლოდ ძლიერ საპასუხო რეაქციას შეუძლია შემდგომი ესკალაციის შეკავება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
