ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, დოვილე შაკალიენეს განცხადებით, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
დოვილე შაკალიენეს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა პრემიერ-მინისტრ ინგა რუგინიენეს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ ნდობა შეერყა.
„მაქვს გადადგომის განცხადების პროექტი და მას დღეს პრეზიდენტთან განვიხილავ. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ჩემი გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზს. ეს პოლიტიკაა – პრემიერ-მინისტრისა და პარტიის ლიდერის ნდობა არის ის, რაც არსებითად განსაზღვრავს, გაქვს თუ არა დელეგირება გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად. ვერ ვხედავ ისეთ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას, სადაც ნდობა არ არის“, – განუცხადა შაკალიენემ ჟურნალისტებს.
პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ გასულ კვირას დოვილე შაკალიენესგან ახსნა-განმარტება მოითხოვა თავდაცვის სამინისტროს მიერ სოციალური მედიის ინფლუენსერებისთვის 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ ჩატარებულ არაფორმალურ ბრიფინგთან, ასევე თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან მის სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით. რუგინიენემ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო აღარ იქნება პასუხისმგებელი თავდაცვის ინდუსტრიის ზედამხედველობაზე და ამ პორტფელს ფინანსთა, ეკონომიკისა და ინოვაციების სამინისტროები უხელმძღვანელებენ. პრემიერის ამ გადაწყვეტილებას დოვილე შაკალიენემ „სიურპრიზი“ უწოდა. გუშინ პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა. დოვილე შაკალიენეს თქმით, პრემიერის გზავნილი იყო, რომ მის მიმართ ნდობა შეერყა.
