ლიეტუვას ახალი პრემიერ-მინისტრის, გინტაუტას პალუცკასის („სოციალ-დემოკრატები“) განცხადებით, ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონპროექტის მიღების დაპირება მთავრობის პროგრამაში შეტანილი არ არის.
„კოალიციურ შეთანხმებაში ასეთი პუნქტი არ არსებობს და ის არც სამთავრობო პროგრამაში შევა. თუმცა, სეიმის ცალკეულ წევრებს და პოლიტიკურ ჯგუფებს მისი ინიცირების უფლება აქვთ. ამიტომ, ეს საკითხი შეიძლება სეიმის დღის წესრიგში მაინც მოხვდეს, იმის მიუხედავად, რომ სამთავრობო პროგრამაში არ შედის“, – განაცხადა პალუცკასმა მმართველი პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ.
სოციალ-დემოკრატი პრემიერის თქმით, თუ შესაბამისი კანონპროექტი იქნება შემოთავაზებული, პირადად ის ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობას მხარს დაუჭერს, როგორც ამას ადრეც აკეთებდა.
„თუ ასეთი საკითხი დღის წესრიგში დადგება, მე მზად ვარ, მხარი დავუჭირო მას“, – აღნიშნა პალუცკასმა.
2023 წლის გაზაფხულზე, ლიეტუვას პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ, რომელიც ერთსქესიანთა კავშირს შეეხება. კანონპროექტის საბოლოო მიღებას კიდევ ერთი კენჭისყრა სჭირდება.
პარტია „ნემუნას განთიადმა“ (ლიეტ. Nemuno aušra – რედ.), რომელიც სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის ნაკლებადგავლენიანი წევრია, გამოაცხადა, რომ სამთავრობო პროგრამაში ერთსქესიანთა პარტნიორობის ჩართვას არ დაუშვებს.
ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონი ლიეტუვაში არ არსებობს, ასევე არ არსებობს კანონი სხვადასხვა სქესის წყვილებისთვის. წინა მოწვევის პარლამენტში ამ კანონის მიღება სოციალ-კონსერვატორი დეპუტატების წინააღმდეგობის გამო ჩაიშალა.
წყარო: 1 არხი
