ლიეტუველმა კანონმდებლებმა ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებლის ბიუჯეტის სამი წლით გაყინვას მხარი დაუჭირეს

გასულ კვირაში ლიეტუვის პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის (LRT) ბიუჯეტის სამი წლით გაყინვა დაამტკიცა და მხარი დაუჭირა გრძელვადიან ცვლილებებს, რომლითაც საშემოსავლო და აქციზის გადასახადებიდან ეროვნული მაუწყებლის მიღებული წილი 2029 წლიდან შემცირდება.
„ლიეტუვის ეროვნული რადიოსა და ტელევიზიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი 70-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა, ორმა კი თავი შეიკავა. ოპოზიციურმა ფრაქციებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს.
ამ გადაწყვეტილებას მიემხრნენ მმართველი „სოციალ-დემოკრატები“, პარტია „ნიამუნასის განთიადი“(Nyamunas Dawn), „ლიეტუვის გლეხთა და მწვანეთა კავშირი“ და დამოუკიდებელი დეპუტატები – ვიტაუტას სინიცა და ვიტალიუს სერჩნიოვასი. მომხრეთა შორის იყვნენ აგრეთვე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, კესტუტის ვილკაუსკასი, კულტურის ყოფილი მინისტრი, შარუნას ბირუტისი, პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინიენე და სეიმის სპიკერი, იუოზას ოლეკასი.
ცვლილების თანახმად, 2026, 2027 და 2028 წლებში LRT-ის წლიური ბიუჯეტი მიმდინარე წლის დონეზე (79.6 მილიონი ევრო) შენარჩუნდება. აქამდე არსებული ფორმულით, მაუწყებლის ბიუჯეტი მომავალ წელს დაახლოებით 11%-ით უნდა გაზრდილიყო და 88.2 მილიონი ევრო გამხდარიყო.
„ძვირფასო სოციალ-დემოკრატებო, მითხარით: რომელი სახელმწიფო უწყება ყინავს ბიუჯეტს სამი წლით? ლიეტუვაში არ არსებობს სახელმწიფო დაწესებულება, რომელსაც ასე უსამართლოდ მოექცეოდით. თანაც იმ დროს, როცა ომი მიმდინარეობს. სირცხვილი თქვენ“, – მიმართა დებატების დროს „ლიბერალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სიმონას გენტვილასმა მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს.
არტურას სკარძიუსმა („ნიამუნასის განთიადი“) აღნიშნა, რომ LRT-ის დაფინანსების ამჟამინდელი მოდელი მის სამაუწყებლო ფუნქციასთან არანაირ კავშირში არ არის. „ის, უბრალოდ ოქროს ქოთანია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მაუწყებლის მისიასთან ან პროგრამულ დაფინანსებასთან“, – განაცხადა მან და იქვე გაიხსენა ინიციატივები 150 მილიონი ევროს ღირებულების ახალი სათაო ოფისის მშენებლობის შესახებ.
პარტია „ნიამუნასის განთიადის“ თავმჯდომარემ და კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, რემიგიუს ჟემაიტაიტისმა ხაზი გაუსვა, რომ რომ LRT-ის დაფინანსების ზრდა სხვა უწყებების დაფინანსებას აღემატება. „შეუძლებელია, ეს ერთი დაწესებულება იღებდეს უფრო მეტ თანხას, ვიდრე სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ დაზოგილი სახსრები კულტურულ პროგრამებს მოხმარდება.
2029 წლიდან კი, ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი წინა წელს შეგროვებული საშემოსავლო გადასახადის 0.75%-ს და აქციზის გადასახადის 0.8%-ს მიიღებს, რაც ამჟამინდელ მაჩვენებლებზე (შესაბამისად 1% და 1.3%) ნაკლებია.
პრეზიდენტის მრჩეველმა, ვაიდას აუგუსტინავიჩუსმაც დაადასტურა, რომ LRT-ისთვის მოკლებული ნებისმიერი თანხა კულტურას მოხმარდება.
LRT-ის გენერალური დირექტორი, მონიკა გარბაჩიაუსკაიტე-ბუდრიენე პარლამენტის გადაწყვეტილებას „პოლიტიკურ ზეწოლად“ მიიჩნევს.
წყარო: 1 არხი