ხვალ, საქართველოს ნაკრები კაუნასში ლიეტუვას ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მწვრთნელმა ედგარას იანკაუსკასმა ისაუბრა, რომელიც ორიოდ დღის წინ კიშინოვში მოლდოვას დამარცხებით (2:0) კმაყოფილი იყო. ცნობისათვის, ეს 2024 წლის აგვისტოს შემდეგ ლიეტუველთა პირველი გამარჯვებაა – მათ 17-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს.
„ქართველების თამაში ვნახე, ძალიან კარგი გუნდია, თუმცა შევნიშნე, დაუმარცხებელი არ არის. ისრაელმა ანგარიში გაუთანაბრა და ბოლოს შეეძლო მოეგო კიდეც. მახსოვს აქ ისრაელთან ჩვენი თამაში (2025 წლის 13 ნოემბერს – 0:0), მაშინ დროდადრო ბურთს ვფლობდით, მომენტებიც შევქმენით.
საქართველოს ერთი ფენომენალური ფეხბურთელი ჰყავს, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. ისინი ძალიან ტექნიკურები არიან. ნამდვილად არ მინდა მოწინააღმდეგის განდიდება, რამეთუ დავინახეთ როგორ უშვებს გოლებს და სუსტი ადგილები გააჩნია. ამის გამოყენებას უნდა შევეცადოთ. ეს უკვე ჩვენზე იქნება დამოკიდებული. იმედი მაქვს, ამას მოვახერხებთ და გულშემატკივრების დახმარებით კარგ შედეგს მივაღწევთ“, – განაცხადა იანკაუსკასმა.