ლიეტუვა: უცხოელებს მოუწევთ, კლიენტებს ლიეტუვურ ენაზე მოემსახურონ

ლიეტუვას სეიმმა (პარლამენტმა) დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უცხოელებს და მათ დამქირავებელ კომპანიებს ავალდებულებს, 2026 წლიდან კლიენტებს ლიეტუვურ ენაზე მოემსახურონ.
ამავდროულად, სეიმის გადაწყვეტილება უცხოელებს ლიეტუვური ენის შესწავლის აუცილებლობისგან ათავისუფლებს, თუ ისინი მუდმივ საქმიანობას არ ეწევიან (მაგალითად, ბაზრობებზე ან სხვა ადგილებში ყიდიან საქონელს ან ტყის პროდუქტებს).
საკანონმდებლო ცვლილებები 78 ხმით მიიღეს (არც ერთი წინააღმდეგი, 5-მა დეპუტატმა თავი შეიკავა).
ცვლილებების თანახმად, კლიენტებისთვის მომსახურება გაწეული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, მთავრობის მიერ დადგენილი ლიეტუვური ენის ცოდნის დონის შესაბამისად.
კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ამით უცხოელები უფრო მეტად ინტეგრირდებიან ლიეტუვას საზოგადოებაში და სახელმწიფო ენას, მინიმუმ, სალაპარაკო დონეზე შეისწავლიან.
„ლიეტუვას რესპუბლიკის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ეროვნულ ენაზე სერვისების მიღების უფლება“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
მასში ასევე ხაზგასმულია, ლიეტუვაში, მომსახურების სფეროში, რუსული ენის გამოყენება იზრდება.
„მონაცემთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულმა 2021 წლის აღწერის შედეგებმა აჩვენა, რომ ლიეტუვას მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი რუსულად საუბრობს, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი იძულებულია, მისთვის გაუგებარ ენაზე მომსახურებით გამოწვეულ სირთულეებს გაუმკლავდეს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონი 2026 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი