ლიეტუვა, რუსეთისა და ბელარუსის საზღვარზე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების განთავსებას განიხილავს – ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა ფინელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, განიხილა აღმოსავლეთის ფარისა და ბალტიის თავდაცვის ხაზის გაერთიანება, ასევე ფინეთის მონაწილეობა საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების ერთიანი გეგმის შემუშავებაში.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პოლონეთის მაგალითის მიხედვით, ჩრდილო-აღმოსავლეთის ფლანგის საზღვარი შეიძლება გაძლიერდეს რამდენიმე დონის გამაგრებით და არ შემოიფარგლება მხოლოდ ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით.
პარტნიორები ამ მიზნებისთვის ევროკავშირის დაფინანსების მოძიებას აპირებენ.
როგორც ცნობილია, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა სამშაბათს გამოაცხადეს ოტავას კონვენციიდან გასვლა. კონვენცია კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ამაზე განაცხადა – “ჩვენ თავს ვუკრძალავთ იარაღის გამოყენებას, მაშინ, როცა რუსეთი მზად არის გამოიყენოს ის ჩვენს წინააღმდეგ”.
წყარო: mtavari.tv
