წელს ლიეტუვა 49 ქვეყანას შორის 34-ე ადგილს იკავებს „ილგა-ევროპის“ მიერ გამოქვეყნებულ „ცისარტყელას რუკაზე“, რომელიც კონტინენტზე ლგბტქ პირთა უფლებების მდგომარეობას ასახავს. გასულ წელთან შედარებით, ლიეტუვამ ერთი საფეხურით მაღლა აიწია, თუმცა, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, 27.61 პროცენტით, კვლავ ერთ-ერთ ბოლო ადგილებზე რჩება.
ლატვიას და ესტონეთს რეიტინგში, შესაბამისად, 37-ე და 21-ე ადგილები უკავიათ.
მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვამ ერთი საფეხურით მაღლა აიწია, ის კვლავ ევროკავშირის ქვეყნების სიის ქვედა ნაწილში რჩება: მასზე დაბლა მხოლოდ იტალია, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი და პოლონეთი არიან.
„ლიეტუვას აქამდე არ მიუღია კანონი ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ, არ აუკრძალავს დამაზიანებელი „კონვერსიული“ თერაპია, არ მოუმზადებია თანასწორობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გეგმა და კვლავ ზღუდავს და არ იცავს ტრანს და არაბინარული ადამიანების უფლებებს“, – აცხადებს ლგბტქ პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი ვებგვერდის, GayLine.LT-ის რედაქტორი, მარტინას ნორბუტასი.
მალტას, რომელიც 2016 წლიდან ევროპული ქვეყნების რეიტინგის სათავეშია, დღესაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (87.84 პროცენტი) აქვს. მას მოსდევენ ირლანდია, ბელგია, ესპანეთი და დანია.
ექსპერტები გამოდიან გაფრთხილებით ევროპაში დისკრიმინაციული განწყობებისა და ანტი-ლგბტქ რიტორიკის ზრდის შესახებ, რასაც ისინი დემოკრატიული ღირებულებებისთვის სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევენ.
