ლიეტუვაში 16 წლის მოზარდებს, შესაძლოა, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიეცეთ

ლიეტუვის პარლამენტის (სეიმი) 100-ზე მეტმა წევრმა წარადგინა კონსტიტუციური ცვლილების პროექტი, რომელიც 16 წლის მოზარდებს, მუნიციპალურ არჩევნებში, მერებისა და ადგილობრივი საბჭოების წევრების არჩევის უფლებას მისცემს.
ცვლილების ავტორები ამბობენ, რომ ასეთი პერსპექტივა ახალგაზრდებს პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიური მონაწილეობის სურვილს გაუჩენს.
„ეს შექმნის პირობებს ახალგაზრდებისთვის, რომ უფრო ადრე ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში და თავისი წვლილი შეიტანონ გადაწყვეტილებებში, რომლებიც მათ ადგილობრივ საცხოვრებელ გარემოზე მოახდენს გავლენას“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები ფიქრობენ, რომ რადგან ლიეტუვაში განათლების მიღება 16 წლამდე სავალდებულოა, ამ ასაკის მოზარდები სამოქალაქო განათლების საფუძვლებს უკვე იცნობენ. განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ 16 წლის მოზარდებს აქვთ პირადობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, შეიძლება დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, უფლება აქვთ, იმუშაონ და გადაიხადონ გადასახადები და შეუძლიათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
ამჟამად ლიეტუვის კონსტიტუცია ხმის მიცემის უფლებას მხოლოდ იმ მოქალაქეებს ანიჭებს, რომლებსაც ს დღეს 18 წელი შეუსრულდათ (ქვედა ზღვარი).
ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის აქტივობა ლიეტუვაში, როგორც წესი, დაბალია. მაგალითად, 2023 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ახალგაზრდა ამომრჩეველთა მხოლოდ 33,4-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ახალგაზრდების აქტივობამ 49,2% შეადგინა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში – 49%, ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებში – 18%, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში კი – 35,7% (18-დან 29 წლამდე ამომრჩეველთა შორის).
წინა მოწვევის პარლამენტში მსგავსი ინიციატივა ლიბერალმა დეპუტატმა, ანდრიუს ბაგდონასმა წარადგინა, მაგრამ მისი კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე განხილვამდე არ მისულა.
წყარო: 1 არხი